მაია ცქიტიშვილი - კურორტი აბასთუმანი მალე დაიბრუნებს თავის ისტორიულ მნიშვნელობას

სამცხე-ჯავახეთში კომპლექსური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, აბასთუმანში ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩავიდა.ობსერვატორიის, ისტორიული ხის სახლებისა და საირმე-აბასთუმნის გზის 3-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია.

პროექტი, რომელიც მომავალი წლის ბოლოს დასრულდება, მოიცავს დიდი ტელესკოპის შენობის სრულ რეაბილიტაციას. აქვე განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი და კაფე, მოეწყობა საგამოფენო-სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობისმი მდებარედ, დასახლებული ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა, საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.

აბასთუმანში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. მას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.

პარალელურად, დაბა აბასთუმანში, 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიზანია, მე-19, მე-20 საუკუნეებში აგებული სახლების პირვანდელი სახით აღდგენა.

წესრიგდება ასევე კურორტის საგზაო ინფრასტრუქტურა - აბასთუმანი-საირმის გზის 3,2 -კილომეტრიანი მონაკვეთი, ბაღდათი-აბასთუმნის 60-კილომეტრიაი გზის პროექტის ნაწილია. ბაღდათი-აბასთუმნის გზისრეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს (დაახლოებით 90-120 წუთი) საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან დასავლეთის საზღვრამდე.

მაია ცქიტიშვილის თქმით, მალე აბასთუმანი დაიბრუნებს თავის, ისტორიულ მნიშვნელობას.

„აბასთუმნის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაწყებული, გარდა ისტორიული ხის სახლების, საგანმანათლებლო-სამეცნიერო და ტურისტული მნიშვნელობის ასტროფიზიკური ობსერვატორიის სრული რეაბილიტაციისა, სამინისტრო ახორციელებს საგზაო პროექტებს და უახლოეს მომავალში დაგეგმილია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგება. მალე აბასთუმანი დაიბრუნებს თავის, ისტორიულ მნიშვნელობას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.