გურჯაანში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

საწარმო მოსავალს გლეხებისგან ჩაიბარებს, ხოლო დახარისხების შემდეგ ექსპორტზე გაიტანს.

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის ხილის გადამამუშავებელი საწარმო შპს "ქართული ხილის კომპანიას" ეკუთვნის, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა. კომპანიას შეძენილი აქვს ხილის დამხარისხებელი იტალიური დანადგარები. ორ ჰექტარ ფართობზე გაშენებული საწარმო ორი ნაწილისგან შედგება, რომელთაგან ერთში ხილის დამუშავება, გასუფთავება და დაფასოება ხდება, ხოლო მეორე 400-ტონიანი სამაცივრე მეურნეობაა. საწარმო ზაფხულისა და შემოდგომის სეზონზე დააფასოებს და გაყიდის ვაშლს, ატამსა და ვაშლატამას. პროდუქტი რუსეთის, უკრაინის ბაზრებზე გავა. საწარმოში 50-მდე ადამიანი დასაქმდება. სამომავლოდ კომპანია დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს.

გურჯაანის გადამამუშავებელი საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში შეიქმნა. კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600 000 დოლარის ოდენობის 3%-იანი კრედიტი მიიღო.