საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე მეწარმეები 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან ფინანსების მოზიდვას ვეღარ შეძლებენ.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონის 48-ე მუხლის მიხედვით, დღეიდან მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს უფლება არა აქვს, ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის, არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები (მათ შორის, მიიღოს სესხი) ან/და აწარმოოს პირთა ფართო წრისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება.
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით კი, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ნებისმიერი ფორმით იზიდავს ფულად სახსრებს 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან), თითოეული ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მოზიდული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 (ასი ათას) ლარზე (ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე) ნაკლები. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა ამ ნაწილის მოთხოვნების დაცვის ვალდებულება, მან 20-ზე ნაკლები ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მოზიდული 100 000 (ასი ათას) ლარზე (ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე) ნაკლები თანხა უნდა გადაიხადოს აღნიშნული ვალდებულების წარმოშობიდან 1 წლის განმავლობაში.