სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში წლების განმავლობაში არ ჩატარებულა ქონების ინვენტარიზაციის პროცესი, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშული.
ანგარიშის თანახმად, ინვენტარიზაციის განუხორციელებლობის გამო, სამინისტროში ვლინდება ქონების მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები.
„სამინისტროს აპარატის ბალანსზე რიცხული არაფინანსური, ფინანსური აქტივებისა და მატერიალური ფასეულობების აღწერის მიზნით (გარდა საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვით შეძენილი მატერიალური ფასეულობებისა), სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1-ელი ოქტომბრის ბრძანებით შექმნილია კომისია, ინვენტარიზაციის დასრულების ვადად კი 2016 წლის 1-ელი აპრილი განისაზღვრა. აღნიშნული ვადა ინვენტარიზაციის პროცესში გამოვლენილ სხვადასხვა გარემოებათა გამო, რამოდენიმეჯერ შეიცვალა. 2018 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, არ იყო აღწერილი სხვადასხვა ფასეულობები, ასევე, ინვენტარიზაციის პროცესი არ წარიმართა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან სრულად შესაბამისად, გამომდინარე აღნიშნულიდან, ვერ მოხდა ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა და მათი ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში; გარდა ამისა, 2017 წელს, წინა წლის მსგავსად, არ არის ჩატარებული ქონების ინვენტარიზაცია სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში“. ინვენტარიზაციის განუხორციელებლობის გამო, სამინისტროში ვლინდება ქონების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი ნაკლოვანებები: - სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების უმრავლესობა საჭიროებს იდენტიფიკაციას და შესაბამისი მონაცემებით (დასახელება, ფართობი) ასახვას სააღრიცხვო პროგრამაში“, - ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, აუდიტის მიერ გამოვლინდა 2,206.48 ათასი ლარის ღირებულების საბალანსო ღირებულების შენობა-ნაგებობები და მიწა, რომლებიც სამინისტროს ფაქტობრივ სარგებლობაში არ იმყოფება და არ ფიქსირდება საინვენტარიზაციო ფაქტობრივი აღწერით (ნაწილი-პრივატიზებული ან სახელმწიფოსთვის დაბრუნებული, ნაწილზე სამინისტროში არ არსებობს ინფორმაცია/დოკუმენტაცია); ამასთან, ანგარიშის თანახმად, სამინისტროს ბალანსზე ირიცხება საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად თანამშრომლების მიერ 2013-2016 წლებში მითვისებული 232.09 ათას ლარის ღირებულების აქტივები.
„სასამართლო გადაწყვეტილებით, საპროცესო შეთანხმების შესაბამისად, სამინისტროს აუნაზღაურდა 120.0 ათასი ლარი. შესაბამისად, ბალანსზე რიცხული აღნიშნული აქტივები არარსებულ ქონებას წარმოადგენს, რის შედეგადაც გაზრდილად არის წარმოდგენილი სამინისტროს აქტივების ღირებულება; სამინისტროში კანონმდებლობის შესაბამისად, ფასეულობათა ხელშეკრულების საფუძველზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე გადაბარება არ არის განხორციელებული ყველა იმ ქვედანაყოფში (15 დაწესებულების საწყობი, ამავე დაწესებულებების აფთიაქები, გარე დაცვის განყოფილება, კინოლოოგიის განყოფილება და ა.შ), სადაც ხორციელდება ფასეულობათა მიღება, შენახვა და განაწილება“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის ამავე ანგარიშის თანახმად, აღნიშნული წარმოშობს რისკს აქტივების დაცულობასთან მიმართებით, ვინაიდან ფორმალურად არ არსებობს მათ მიღება-შენახვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.
აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული აქტივების სისრულის და სიზუსტის და შესაბამისად, ანგარიშგების უტყუარი და სამართლიანი წარდგენის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე აქტივების დაცულობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, სამინისტროს აპარატსა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში“ შესაბამისი საინვენტარიზაციო კომისიების მიერ, განხორციელდეს: ქონების სრულყოფილი ინვენტარიზაცია და შედეგების ასახვა ანგარიშგებაში, ინვენტარიზაციის ფარგლებში მოხდეს ბალანსზე რიცხული შენობა - ნაგებობების სრული იდენტიფიცირება და მათი სარეგისტრაციო მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანა; ასევე, ბალანსზე რიცხული და სამინისტროს სარგებლობაში არარსებული ქონების სრულად იდენტიფიცირება და მათი ჩამოწერა შესაბამისი პროცედურების საფუძველზე.
ამასთან, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, აქტივების დაცულობის უზრუნველსაყოფად, სამინისტროს მიერ ეტაპობრივად მოხდეს ფასეულობათა აღწერა და მატერიალურ პასუხისმგებლობაზე ხელშეკრულებების გაფორმება ყველა იმ ქვედანაყოფზე, სადაც ხორციელდება ფასეულობათა მიღება, შენახვა და განაწილება. გარდა ამისა, ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული აქტივების სიზუსტის და სისრულის უზრუნველსაყოფად, მოხდეს მედიკამენტების და სამედიცინო სახარჯი მასალების ინვენტარიზაციის შედეგების დამტკიცება და შემდგომ ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში, ასევე, განხორციელდეს აღნიშნული მასალების ჩამოწერასთან დაკავშირებული ხარჯების რეტროსპექტიულად გასწორება სააღრიცხვო ინსტრუქციის შესაბამისად, რაც გულისხმობს აქტივებისა და კაპიტალის საწყისი ნაშთების გადაანგარიშებას.
აუდიტის ანგარიშის თანახმად, სამინისტროს სარგებლობაში არსებული მიწის ღირებულებითი შეფასებისას გამოვლინდა შემდეგი გარემოებები: ფაქტობრივი აღწერით და წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერები) მიხედვით, სამინისტროს სარგებლობაშია 1,704.60 ათასი კვმ. მიწის ფართობი, სააღრიცხვო ჩანაწერებში მიწის ანგარიშზე კი ასახულია მხოლოდ 222.19 ათასი კვ.მ. (სამინისტროს სარგებლობაში არსებული მიწის საერთო ფართის 13.03%), აქედან 193.38 ათასი კვ.მ. მიწა არ არის შეფასებული, შესაბამისად, ბალანსზე ასახულია ღირებულების გარეშე. შედეგად კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში მიწის ღირებულება წარმოდგენილია შემცირებულად;
სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ შენობა- ნაგებობების სააღრიცხვო ანგარიშზე თბილისის, ოზურგეთის და რუსთავის ოფისების საერთო ღირებულებიდან არ არის გამიჯნული, შეფასებული და 2410 ანგარიშზე ასახული შესაბამისი მიწის ფართობი, რომელიც სარეგისტრაციო მონაცემებით შეადგენს 4,236 კვ.მ.-ს.
აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, აღრიცხული აქტივების სიზუსტის და სისრულის უზრუნველსაყოფად, მოხდეს სამინისტროსა და სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ მიერ მათ სარგებლობაში არსებული და ბალანსზე აღურიცხავი მიწების ღირებულებით შეფასება და შემდგომი ასახვა ანგარიშგებაში.
გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამინისტროს მიერ წლების განმავლობაში არ ტარდება მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია, რითიც არ არის დაცული კანონმდებლობის მოთხოვნები. გამომდინარე აღნიშნულიდან, დებიტორ და კრედიტორ ორგანიზაციებთან არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტები და არ გატარებულა სათანადო ღონისძიებები დავალიანებების რეალურობის დასადგენად, რის გამოც, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული აქტივების და ვალდებულებების სისრულის და სიზუსტის და შესაბამისად, ანგარიშგების უტყუარი და სამართლიანი წარდგენის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროსა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შეიქმნას შესაბამისი კომისიები, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, განხორციელდეს მოთხოვნა-ვალდებულებების ინვენტარიზაცია, ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით კი მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და შედეგების ასახვა ანგარიშგებაში. სამართალდამცავ ორგანოებთან მოხდეს კომუნიკაცია იმ დავალიანებებზე, რომელთა დოკუმენტაციაც გადაგზავნილია ამ უწყებაში.