2018 წლის II კვარტალში საქართველოში 100 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19 პროცენტი - ქვემო ქართლში, 15 პროცენტი - კახეთში, 14 პროცენტი - შიდა ქართლში, 12 პროცენტი - იმერეთში, 10 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 30 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ მონაცემებშია საუბარი.
„საქსტატის“ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წლის II კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 127,7 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 34,6 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 65,4 პროცენტი - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2366,6 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, სასაკლაოების მიერ 2018 წლის II კვარტლის განმავლობაში 9686,3 ტონა ხორცის წარმოება განხორციელდა (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 45,7 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 33,4 პროცენტი - ფრინველის, 12,9 პროცენტი - ღორის, 7,9 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო 0,1 პროცენტი - სხვაზე.
„მომსახურება გაეწია 11,5 ათას პირს, საიდანაც 37,3 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1062 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 22.8 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 9,0 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 19,4 ლარი.