სასტუმრო „ველმონდში“ სამორინემ ფუნქციონირება განაახლა

სასტუმრო „ველმონდში“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) სამორინემ ფუნქციონირება განაახლა, - ამის შესახებ სასტუმროს იურისტმა კახაბერ წერეთელმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა.

როგორც მან აღნიშნა, სამორინე ამ ეტაპზე სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებს.

რაც შეეხება სასტუმროს ფუნქციონირებას, ჯერჯერობით უცნობია სასტუმრო „ველმონდი“ როდის ამოქმედდება.

„კაზინომ განაახლა ფუნქციონირება. ბუნებრივია ეს საკითხი შეთანხმებულია და ეს მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ნებართვით. სამორინეს დახურვა და მოკლე ვადებში გახსნა იმან განაპირობა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, 9 ივლისს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო მიღებული. მას შემდეგ გარკვეული საკითხები შესრულებულია, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შესრულებულიყო. დღესაც ვაკონტროლებთ, რადგან გარკვეული მითითებები არის შესასრულებელი. აქტიურად გვეხმარება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყოველდღიურად რჩევებით და მითითებებით.

რაც შეეხება სასტუმროს, ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და როგორც კი იქნება პირობები, ეტაპობრივად დაიწყება ფუნქციონირება“, - განაცხადა კახაბერ წერეთელმა.

შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სასტუმრო „ველმონდი“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო დალუქა.