ვენესუელა დღეიდან ეროვნული ვალუტის დენომინირებას იწყებს

ვენესუელაში დღეიდან მიმოქცევაში ახალი ვალუტა შემოდის - სუვერენული ბოლივარი ძველს შეცვლის, რომელიც ჰიპერინფლაციის შედეგად გაუფასურებული იყო და ამიერიდან კუპიურებიდან ერთბაშად 5 ნული წაიშლება.

ახალი ფული ქვეყანაში ჯერ კიდევ 4 ივლისს უნდა გამოჩენილიყო, თუმცა ხელისუფლებამ დენომინაცია აგვისტოს ბოლომდე გადადო. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ეს ორშაბათი უქმედ გამოაცხადა, რათა ქვეყანამ ახალ ფულთან ადაპტირება შეძლოს.

მისი განცხადებით, 20 აგვისტოდან ვენესუელაში ორი ვალუტა იქნება მიმოქცევაში ბოლივარი და პეტრო. ამასთან, ჯერ მიმოქცევაში დარჩება ძველი ფულიც, სანამ ისინი არ გაქრებიან. ახალი ბოლივარი კი დაკავშირებული იქნება პეტროსთან და ცენტრალური ბანკი ამ კავშირის მონაცემებს ყოველდღიურად გამოაქვეყნებს.

ამასთან, მადურომ მინიმალური ხელფასის ერთბაშად 60-ით გაზრდის შესახებ გამოაცხადა, რომელიც ამიერიდან 1800 დენომინირებულ ბოლივარს უდრის, რაც ერთი პეტროს ნახევარი ღირებულებაა.

შეგახსენებთ, 20 თებერვალს ვენესუელამ ნავთობით გამყარებული ციფრული ვალუტა პეტრო ჩაუშვა. შედეგად კი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც მიმოქცევაშია ციფრული ვალუტა, რომელიც გამყარებულია ნავთობით.

ამასთან, ექსპერტების ნაწილი ყოველივე ამის ეფექტურობას მაინც ეჭვქვეშ აყენებენ, ვინაიდან ქვეყანაში ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობაა, მათ შორის, ყველაზე მძიმედ ქვეყანას ჰიპერინფლაცია უტევს.

კოკა კვირკველია