სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირება მიმდინარეობს. „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“ - ასე ჰქვია მარშრუტს, რომლის მარკირებასაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ანხორციელებს.ახალი ტურისტული მარშრუტი ალპურ ზონაშია და მასზე მოგზაურობისას ტურისტი გაივლის ულამაზეს ტბებს, ჩანჩქერებს, ციხეებსა და იაილებს. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი - მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტს მარშრუტზე შეუძლია.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მარშრუტის პოპულარიზაციის მიზნით გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის მოაწყო ინფოტური, რომლის მონაწილეებმაც თავად გაიარეს მარშრუტი და გაეცნენ მასზე არსებულ ღირსშესანიშნაობებს, ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს.
“ეს არის სრულებით ახალი, ალპური ტურისტული მარშრუტი, რომელიც აკავშირებს შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან. მარშრუტი ქმნის მთიან აჭარაში ხანგრძლივი მოგზაურობის საინტერესო და მრავალფეროვან მიმართულებას. ჩვენი მიზანია ბევრმა ადამიანმა იმოგზაუროს ამ მარშრუტზე, რაც ხელს შეუწყობს მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. მეტი ტურისტი მთაში ნიშნავს უფრო მეტ დასაქმებულ ადგილობრივს და მეტ შემოსავალს ეკონომიკაში. ეს არის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მთავარი პრიორიტეტი, რაც მთიანი აჭარის განვითარების მიმართულებით ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს და ძალიან პერსპექტიულად ვითარდება. ეს არის თანმიმდევრული გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილი რომელსაც უკვე აქვს შედეგი და ეს შედეგი ციფრებში 98%-ით გაზრდილ ვიზიტებს გულისხმობს აჭარის მაღალთიანეთში.“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.