„არეალი, რომელშიც ე.წ. მევახშეები ოპერირებდნენ, მნიშვნელოვნად შემცირდება“, - ასე აფასებს კერძო იპოთეკარების მიმართ ამოქმედებულ წესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ პროდუქტების ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი.
როგორ ცნობილია, დღეიდან კერძო გამსესხებლებს, რომლებიც ეროვნულ ბანკში არ არიან სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებულნი, ფიზიკურ პირებზე უზრუნველყოფილი სესხების გაცემა აეკრძალებათ. კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვების ამოქმედებას დადებითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებში.“
ანი ალიბეგაშვილის განცხადებით, ახალი რეგულაციის მიღება დროული და საჭირო იყო.
„ეს არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია. დღეს არსებული მდგომარეობით, მევახშეებზე არანაირი სტატისტიკა არ არსებობს და ჩვენ რეალურად არ ვიცით, საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს მიღებული სესხი კერძო გამსესხებლისგან. ერთადერთი სტატისტიკა, რაც წლების განმავლობაში ხელმისაწვდომი იყო, აუქციონის წესით გასხვისებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციაა და ჩვენ ვხედავდით, რომ ეს სტატისტიკა მუდმივად იყო საგანგაშო,“ -აღნიშნავს ანი ალიბეგაშვილი.
მისივე განმარტებით, ახალი რეგულაციების შემდგომ მევახშეებს ხელშეკრულებების გონივრულად მომზადება და სესხის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში მოქცევა მოუწევთ.
„აღნიშნულ სექტორში მუდმივად იყო ქაოსი. ეს მდგომარეობა გაჯანსაღდება. არეალი, რომელშიც ისინი ოპერირებდნენ, მნიშვნელოვნად შემცირდება. იქნება დამატებითი რეგულაციები, რომლებიც მათ საშუალებას არ მისცემთ ერთ მსესხებელზე რამდენიმე პარალელური სესხი გასცენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი მოექცევიან შესაბამის რეგულაციებში“, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.
ცნობისთვის, 2015-2017 წლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იძულებით აუქციონზე 4 874 უძრავი ქონება გასხვისდა. გასხვისებული ქონების 52% კერძო იპოთეკარებზე მოდის, 30% ბანკებზე, ხოლო დანარჩენი, ანუ დაახლოებით 18% მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე.
ქრისტინე გამთენაძე