თელავში მშენებარე პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Holiday Inn Telavi-ის გახსნა ისევ გადავადდა.
კომპლექსი 2018 წლის ზაფხულში უნდა გახსნილიყო, თუმცა ჯერ სექტემბრამდე გადაიდო, ახლა კი, როგორც სასტუმროს გენერალური დირექტორი ლევან ერისთავი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ოქტომბერში გაიხსნება. მისი თქმით, ამის მიზეზი სასტუმროს ბრენდის მოთხოვნებია, რომელიც სახანძრო უსაფრთხოებას ეხება.
თელავში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2017 წლის აპრილში დაიწყო. პროექტს შპს „სასტუმრო თელავი“ ახორციელებს. კომპანია ბიზნეს ჯგუფის ნაწილია, რომელიც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობს, ხოლო სასტუმრო ბიზნესის თვალსაზრისით, ეს მათი პირველი პროექტია.
კომპანიის დირექტორის თქმით, სასტუმროს მართვას ესპანურ კომპანია T3 Hospitality Management განახორციელებს.
ამასთან, როგორც ლევან ერისთავი აღნიშნავს, ფოკუსირება ძირითადად ტურისტებზე გაკეთდება, თუმცა კონცენტრაცია ქართულ სეგმენტზეც იქნება.
„გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ სავარაუდოდ, ოქტომბერში გაიხსნება. ვადის გადაწევა დაკავშირებულია სასტუმროს ბრენდის მოთხოვნებთან. მათგან ყოველთვის განახლებული ინფორმაცია მოგვდის. შესაბამისად, მშენებლობის დასრულება დროში ჭიანურდება. მათი მითითებები უფრო უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას უკავშირდება“,-აცხადებს ლევან ერისთავი.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სასტუმროში 2 მენეჯერი უკვე აყვანილია, რომელიც გადამზადებას სართაშორისო დონეზე გადის.
„საბოლოლოო ჯამში 50-მდე ადამიანი დასაქმდება. ამ ეტაპზე დაწყებულია მენჯმენტის გადამზადება. 2 მენეჯერი უკვე აყვანილია, ისინი ტრენინგებს გადიან საერთაშორისო დონეზე. საუბარია, გაყიდვებისა და გენერალურ მენჯერზე. რაც შეეხება სტაფის დანარჩენ წევრებს, მათი აყვანა უკვე გახსნამდე ერთი თვით ადრე მოხდება“,-აცხადებს ლევან ერისთავი.
მისივე ინფორმაციით, სასტუმროში იქნება 85 ნომერი; 3 საკონფერენციო დარბაზი, რომელიც ჯამში 150 პერსონაზე იქნება გათვლილი; ფიტნეს ცენტრი; მასაჟისა და ორთქლის ოთახი; ორი რესტორანი, როგორც ქართული, ასევე ევროპულ-აზიური სინთეზის მქონე სამზარეულოთი, ამასთან, დამსვენებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ღია ტიპის აუზით.