ბარათაშვილის აღმართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ღვინის აღმართზე სატრანსპორტო მოძრაობა ერთი კვირით შეიზღუდა.ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დედაქალაქის მერიამ ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია ერთი თვის წინ დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება ასფალტის საფარი, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ტროტუარები, განახლდება გარე განათება, დამონტაჟდება ახალი მოაჯირები და დეკორატიული სანათები.
პროექტის განხორციელების მიზნით დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები კიდევ ორი თვე გაგრძელდება.