Gucci-ის მაისური, რომელზეც Paramount -ის ლოგოა გამოსახული, 590 დოლარი ღირს

მაღალი მოდის კომპანია Gucci-ის კოლექციაში ჰოლივუდი გამოჩნდა. კომპანიის ბოლო სამოდელო ხაზში ეს ტრენდული მიმდინარეობა სხვადასხვა ფორმით გამოისახა.

ასე მაგალითად, თუ მისმა კონკურენტმა დემნა გვასალიამ Vetements-ის ხაზში მსოფლიოს წამყვანი საფოსტო სერვისის DHL-ი გამოსახა და მისივე პატრონაჟით კომპანია Balenciaga-მ პოლიტიკური ხაზი აირჩია ბერნი სანდერსის გამოსახულებებით, Gucci-მ საკუთარ ნაწარმში ამერიკულ კომპანიებს Viacom-სა და კინოკომპანია Paramount-ის ლოგოების გამოსახვა დაიწყო.

ამასთან, არაფერი თქმულა იმის შესახებ, ეს ამ კომპანიასთან შეთანხმებით მოხდა და თანამშრომლობის შედეგად, თუ მოდის სახლმა უბრალოდ მოინდომა ამ 1924 წელს დაარსებული კინოსტუდიის ლოგო დაეტანა საკუთარ მაისურზე.

პროდუქტის ყიდვა შესაძლებელია Nordstrom-ზე და Gucci-ის ოფიციალურ საიტებზე და მისი ფასი არც მეტი არც ნაკლები 590 დოლარია.

კოკა კვირკველია