ტრამპის მიერ ფედრეზერვის კრიტიკას დოლარის კურსის შემცირება მოჰყვა

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის ცენტრალური ბანკის პოლიტიკა გააკრიტიკა, დოლარის კურსი მკვეთრად შემცირდა.

ორშაბათს, „როიტერსთან“ ექსკლუზიური ინტერვიუს დროს, ის „აღფრთოვანებული არ არის“ ფედრეზერვის მის მიერვე შერჩეული თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის მუშაობით.

ტრამპი უკმაყოფილოა იმით, რომ ფედრეზერვი აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი გამკაცრების პროცესს, რაც დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ზრდაში აისახება. ტრამპის თქმით, უმჯობესი იქნება, თუ ფედრეზერვი ამის ნაცვლად, მას ეკონომიკის სტიმულირებაში დაეხმარება.

საერთოდ, ამერიკის პრეზიდენტები ფედრეზერვის პოლიტიკის კრიტიკისგან უკვე ათწლეულებია, თავს იკავებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა ეკონომიკის სტაბილურობის გარანტია. როგორც წესი, მისი წევრები მონეტარულ პოლიტიკას ეკონომიკური მაჩვენებლების შესაბამისად ღებულობენ.

დღეს დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, 0.35 პროცენტით შემცირდა. ეს ზედიზედ მეოთხე დღეა, რაც დოლარის ინდექსი კლებულობს. ამ ოთხ დღეში ამერიკული ვალუტა ჯამში 1.2 პროცენტით გაუფასურდა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.

დოლარის დასუსტებამ, ზეწოლისგან გაათავისუფლა განვითარებადი ქვეყნების ვალუტები, მათ შორის, ჩინური იუანი. ის დოლართან წყვილში 0.25 პროცენტით გაიზარდა, რის შემდეგაც, 1 დოლარის ფასი 6.839 იუანამდე შემცირდა. არადა, სულ ახლახან, ამ წყვილის ფასი ბოლო 19 თვის მაქსიმალურ მაჩვენებლამდე იყო გაზრდილი, რაც მეტწილად, აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობათა უკიდურესად დაძაბვამ გამოიწვია.

სხვათა შორის, "როიტერსთან" საუბრისას, ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი საკუთარი ვალუტით სპეკულირებს და დაამატა, რომ ამერიკის და ჩინეთის დელეგაციების უახლოესი შეხვედრისგან ბევრს არაფერს ელის.

იუანის გარდა, დოლარის დასუსტება დადებითად აისახა სამხრეთ აფრიკის რანდზე, მექსიკურ პესოზე, ტაილანდურ ბაჰტზე, უნგრულ ფორინტზე, პოლონურ ზლოტზე და ინდურ რუპიაზე. ამ ვალუტების კურსი დოლართან წყვილში, 0.2-0.8 პროცენტით გაიზარდა.