ახმეტისა და თელავის რაიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სრულად აუნაზღაურდებათ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, ბენეფიციარების მიწის ნაკვეთებზე ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს, რის შემდეგაც, ზიანის ანაზღაურება დადგენილი წესით მოხდება.
მათივე ინფორმაციით, თელავისა და ახმეტის რაიონებში მომხდარი სტიქიის შემდეგ, სადაზღვევო კომპანიებში, ორი დღის განმავლობაში, 780-ზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ზარალის შეფასების პროცესში აქტიურად არიან ჩართული სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები და აგროდაზღვევის პროგრამის მონაწილე ყველა სადაზღვევო კომპანია.
„მიმდინარე წელს, აგროდაზღვევის პროექტში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია.
აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე ნებისმიერ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს მაგალითად 30 ჰექტარს, ან 100 ჰექტარს, შეუძლიათ 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.