შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა რუსეთთან დაკავშირებული უკანონო ფინანსური ნაკადებისადმი წინააღმდეგობის შესახებ მოხსენების არასაიდუმლო ვერსია.
„ამერიკის მოწინააღმდეგეებზე სანქციების კანონით ზემოქმედების აქტის“ შესაბამისად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ეს მოხსენება კონგრესისთვის 2018 წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა წარედგინა.
მასში ნათქვამია, რომ 2017 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთის 2015 მოქალაქის და ორგანიზაციის წინააღმდეგ აამოქმედა სანქციები. მათგან 136-ს ეს უკრაინასთან ომის გამო შეეხო. ამ ქმედებათა შედეგად, დაიბლოკა რუსეთის მოქალაქეების და კომპანიების კუთვნილი აქტივების ის ნაწილი, რომლებიც აშშ-ში არის დაბანდებული. მათი მოცულობა ასომით მილიონ დოლარია და ამ ქმედებამ, სანქციაში მოხვედრილებზე მასშტაბური ზემოქმედება იქონია.
აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ 2014 წელს შემოიღო რუსული კომპანიების საწინააღმდეგო სანქციები, რისი საფუძველიც უკრაინასთან კონფლიქტი გახდა. სანქცია შეეხო ბანკ „რასიას“ და „ესემპეს“, რომლებსაც ჯამში 640 მილიონი დოლარის აქტივები დაებლოკათ. როიტერსის მიერ აპრილში გამოქვეყნებული ინფორმაციით კი, რომელსაც ორი წყარო ჰყავს, ამერიკული სანქციების გამო, მილიარდერ ვიქტორ ვეკსელბერგის ჯგუფ „რენოვას“ აქტივები დაიბლოკა, რომელთა მოცულობაც 1.5-2.0 მილიარდ დლარს აღწევს.
უფრო მეტიც, ხაზინის მოხსენებაში ლაპარაკია იმაზეც, რომ სანქციების გამო, მასში მოხვედრილ რუსულ კომპანიებს სულ უფრო უჭირთ უკანონო ფულადი სახსრების გადაადგილება და მოზიდვა. ამის გამო, სანქციების ეფექტი გაცილებით მეტია, ვიდრე დაბლოკილი აქტივების ჯამური მოცულობა. ამის მიზეზი ისაა, რომ მთელს მსოფლიოში უფრთხიან იმ რუსულ კომპანიებთან ურთიერთობას, რომლებსაც სანქციები შეეხო.
სანქციებში ის კომპანიები მოხვდნენ, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან ჩართულნი უკრაინასთან ომში, ასევე ზიანს აყენებენ დასავლურ დემოკრატიას, უკანონოდ ყიდულობენ იარაღს და სადაზვერვო ტექნოლოგიებს, ეხმარებიან ირანს და ჩრდილოეთ კორეას სანქციებისთვის თავის არიდებაში და სხვა.