სასტუმროებისა და სხვა შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების სავალალო მდგომარეობაზე სპეციალისტები ყოველდღიურად საუბრობენ.სამწუხაროდ, ფაქტს თავად ნაგებობებიც "ადასტურებენ", რადგანაც მათი უსაფრთხოების პრობლემა ყველასათვის მისახვედრია.
"ბიზნეს-რეზონანსმა" კონკრეტული შემთხვევისა და სხვა მსგავსი შემთხვევების გასარკვევად მიმართა აკადემიკოს სიმონ ბარამიძეს, რომელსაც უშუალოდ ჰქონდა შეხება სასტუმრო "ველმონდის" (ყოფილი "ლეოგრანდის") პრობლემებთან. მან ამ კონკრეტული ნაგებობისა და სხვა სასტუმროების მაგალითზეც რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს გაუსვა ხაზი.
"ბიზნეს-რეზონანსი": იმისათვის, რომ სასტუმრო შევიდეს ექსპლუატაციაში, რა აუცილებელი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო?
სიმონ ბარამიძე: პირველი და ყველაზე მთავარია გაზის საქვაბის გადაკეთება ელექტროსაქვაბედ. "ლეოგრანდში" იდგა 24 ცალი 100-კილოვატიანი ბუნებრივ აირზე მომუშავე კედლის ქვაბები, რაც ძირითადი წყარო გახდა ადამიანების დაღუპვისა.
მეორე პრობლემა, რაც ამ სასტუმროს აქვს, ისაა, რომ ჰერმეტულად უნდა დაიგმანოს სართულშუა გადახურვებში (შახტებში) ღია ღრიჭოები, განსაკუთრებით საქვაბის გადახურვაში, საიდანაც მოხდა ნამწვი აირების გადინება.
მესამე - საჭიროა, მოიხსნას ყველა ადვილად აალებადი თბური იზოლაცია (კაუჩუკის), რომლითაც შემოსილია მილგაყვანილობა, ჰაერსატარები და შესაბამისი სერტიფიკატით შეიცვალოს არაალებადი იზოლაციით.
მეოთხე - უნდა დამონტაჟდეს ლიფტის შახტებში ჰაერის სადაწნეო ვენტილაცია, რომელიც არ იყო გათვალისწინებული.
მეხუთე - უნდა დამონტაჟდეს კვამლის გამწოვი ვენტილაცია, რომელიც არ იყო გათვალისწინებული.
მეექვსე - საევაკუაციო კიბის უჯრედში დამონტაჟებული ჰაერის სადაწნეო ვენტილაციიის "ვენტილატორი" პირდაპირ შეუერთდეს დიზელ გენერატორს, რომელიც ელექტრულად არასწორად იყო მიერთებული და ხანძრის პერიოდში არ ჩაირთო.
მეშვიდე - გასწორდეს ელექტრული ჩართვის სქემები ავარიული სისტემებისა ისე, რომ მათი კვება ხდებოდეს დამოუკიდებლად და არა ისე, როგორც ხანძრის დროს, როცა გენერატორი ვერ აწვდიდა დენს საავარიო სისტემებს და სასტუმრო მთლიანად ჩაქრა.
"ბ-რ": გვაქვს დღეს რამე სტანდარტი, რითაც ასეთი ტიპის ნაგებობების მშენებლობის დროს ხელმძღვანელობენ?
ს.ბ: ახლა არაფერი არ გვაქვს. არსებობდა საბჭოთა სტანდარტები, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობდნენ. შემდეგ კახა ბენდუქიძემ შემოიტანა რაღაც გაუგებარი სტანდარტი, ანუ ვისაც რა უნდოდა, იმას აკეთებდა მშენებლობის დროს და მივიღეთ ის ტრაგიკული შედეგი, რაც ნოემბერში ბათუმში მოხდა.
"ბ-რ": სპეციალისტებს რამდენად ხშირად მიმართავენ მშენებლები, ითვალისწინებენ მათ რჩევებს?
ს.ბ: ნაკლებად მიმართავენ, ძალიან მცირე პროცენტი გვიკავშირდება და გვეკითხებიან აზრს, თუმცა იქიდანაც ნაწილი საერთოდ აღარ ითვალისწინებს. დანარჩენი კი, იცით, როგორ არის? ტენდერი მოიგეს და ხელმძღვანელობენ ამით. ყველა თავის ჭკუაზე აკეთებს რაღაცას. ახლა თითქოს ინერგება ის ტრადიცია, რომ უნდა მიმართონ სპეციალისტს. საერთოდ, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, თბილისს ჰქონდეს თავისი სტანდარტი, ყველა დიდ ქალაქს უნდა ჰქონდეს თავისი სტანდარტი, რომელიც წინააღმდეგობაში არ იქნება ძირითად სტანდარტთან.
აყველაზე მთავარი არის ყველა ინჟინრის სერტიფიცირება. რაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც ელიავას ბაზრობა სჯობს ყველას? აქ ხომ გვაქვს პრობლემასთან საქმე. ასევე, საჭიროა ნებისმიერი შენობის ექსპერტიზა, თუ გვინდა, რომ რაღაცას მივაღწიოთ.
"ბ-რ: საერთო სურათს რომ უყურებთ, შენონობების (ასევე, სასტუმროების) დაახლოებით რამდენი პროცენტია გამართული უსაფრთხოების თვალსაზრისით როგორც თბილისში, ასევე სხვა დიდ ქალაქებში?
ს.ბ: ცოტა ისეთი კითხვაა, რომელზეც ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება როგორც რაოდენობრივად, ასევე პროცენტების სიზუსტით, თუმცა თავს დავდებ და ვიტყვი, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი დაუსრულებელი მშენებლობა გვაქვს. ბევრი გადაუწყვეტელი პრინციპული სქემაა, რომელსაც დაკვირვება და ექსპერტიზა ესაჭიროება. თუნდაც ავიღოთ ბათუმის მაგალითი. ასე მგონია, რომ ბათუმი არის ერთი დიდი ქაოსი. მოუწყობელია ინფრასტრუქტურული ნაწილი, რადგან ისეთი ფეშენებელური სასტუმრო, როგორიც "ლეოგრანდი" იყო, ასეთი შესრულებით ვიხილეთ ბოლოს. სამწუხაროა, რომ ყველა ავტომატურად ასეთი პრინციპით ხელმძღვანელობს.
"ბ-რ": რა უნდა გაითვალისწინონ ინვესტორებმა?
ს.ბ: აუცილებლად სტანდარტებია გასათვალისწინებელი, ოღონდ მისი პირობები უნდა შესრულდეს, ქაღალდზე კი არ უნდა დარჩეს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ სერტიფიცირებული იყოს ინჟინერი, ექსპერტიზა მოხდეს ნებისმიერი პროექტისა. რუსთაველზე საზოგადოებრივ საპირფარეშოს დადგამენ თუ ბათუმში - სასტუმროს, აუცილებელია მათი ექსპერტიზა.
"ბ-რ": არის რომელიმე სასტუმრო ქვეყნის მასშტაბით, რომელიც სტანდარტს აკმაყოფილებს ან, პირიქით, საერთოდ ვერ აკმაყოფილებს?
ს.ბ: ეჭვი მეპარება, რომელიმე, პირობითად, 100-ქულიან სტანდარტს აკმაყოფილებდეს. ბათუმში რომ არ წავიდეთ და თბილისს მივუბრუნდეთ, ქალაქის ცენტში გვაქვს თითქოს საუკეთესო სასტუმრო "ბილტმორი". მე პირადად მის ბოლომდე გამართულობაშიც მეპარება ეჭვი.
გაზეთი „რეზონანსი"
თამარ ვეფხვაძე