2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად იქნება ჩანაცვლებული,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლოს ქალაქს 90 ერთეული „მანის“ ტიპის ახალი ავტობუსი შეემატება.
"წლის ბოლოს 90 ერთეული „მანის“ ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი ავტობუსი შემოვა. ამის პარალელურად მერიამ უკვე დაიწყო 220 ერთეულ 8 მეტრიანი ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შესყიდვის პროცესი. როგორც დავპირდით მოსახლეობას, 2019 წლის ბოლოსთვის 550 ახალი ერთეული ავტობუსი იქნება შემოყვანილი. არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი იქნება სრულად ჩანაცვლებული. გარდა ამისა, მთელი ქალაქის მასშტაბით ჩვენ დაწყებული გვაქვს სატრანსპორტო კვლევა და რამდენიმე თვეში ზუსტად გვეცოდინება არის თუ არა იმის საჭიროება, რომ კიდევ დავამატოთ ავტობუსები. საჭირო იქნება თუ არა 2020-2021 წლებში ავტობუსების დამატებით შემოყვანა იმისთვის, რომ გადაადგილება უფრო სწრაფი და კომფორტული გახდეს, ამას კვლევა გვაჩვენებს,"- განაცხადა კახა კალაძემ.