მგონია, რომ სარეკლამო აბრები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან განსაკუთრებით გამოყო კახეთის გზატკეცილის ტერიტორია და აღნიშნა, რომ კონსტრუქციებზე მოწყობილი აბრების საკითხი უნდა მოწესრიგდეს. კახა კალაძემ თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს აღნიშნულ საკითხზე ბიზნესის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია დაავალა.
„მინდა სარეკლამო აბრების საკითხს შევეხო, განსაკუთრებით კახეთის გზატკეცილზე. მე მგონია, რომ ისინი ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. მხედველობაში მაქვს ისეთი სარეკლამო აბრები, რომლებიც მაგალითად გადასასვლელი ხიდების მსგავს კონსტრუქციებზეა მოწყობილი და გზის მთლიან სიგრძეზეა. მე ვფიქრობ ეს ძალიან ცუდია და მოწესრიგებული უნდა იქნეს. მინდა ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ იქონიოს ბიზნესთან კომუნიკაცია, რათა ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავაზარალოთ ბიზნეს ინტერესები, მაგრამ ბიზნესის განხორციელება არ უნდა მოხდეს ქალაქის იერსახის ხარჯზე,"- განაცხადა კახა კალაძემ.