სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯამში 510 კლუბი, გასართობი ცენტრი და სავაჭრო ობიექტი დაჯარიმდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით, ჯამში 248 ობიექტი შეამოწმა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს მასშტაბით შემოწმებულია 66 საკლუბო და გასართობი ცენტრი; 182 სავაჭრო ცენტრი და კომპლექსი.

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, 2018 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, დაჯარიმებულია 510 ობიექტი, ხოლო ჯარიმების საერთო ოდენობამ 51 800 ლარი შეადგინა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ შემოწმებულ პერიოდში ჯარიმის ოდენობა 50-დან 200 ლარამდე მერყეობდა, თუმცა, სამსახურში აღნიშნავენ, რომ 2018 წლის 1-ლი აგვისტოდან ჯარიმების ოდენობა გაიზარდა და 2000 ლარიდან 5000 ლარამდეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, 1-ლი აგვისტოდან ამოქმედებული ახალი რეგულაციის თანახმად, კვების ობიექტებს - რესტორნებსა და კაფეებსაც შეამოწმებს.