ღარიბაშვილმა და ბაროზუმ 80 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი გააფორმეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ 80 მილიონი ევროს ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი გააფორმეს.

80 მილიონი ევროდან 8 მილიონი საქართველოში წყლის ხარისხის გაუმჯობესებაზე დაიხარჯება და ის 200 000 ადამიანისთვის წყლის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს.

აღნიშნული პროექტი "წყლის მოდერნიზაცია 1" პროექტის გაგრძელებას წარმოადგენს. "წყლის მოდერნიზაცია 2" ხუთ წელზე გათვლილი პროექტია და მის ფარგლებში მიღწეული იქნება ისეთი საკვანძო ამოცანები, როგორიცაა არსებული წყალმომარაგების ქსელის განახლება, ქსელში ახალი მომხმარებლების ჩართვა, მომსახურების უფრო მაღალი დონის დანერგვა და წყლის დანაკარგების შემცირება, რაც წყალმომარაგებას გააუმჯობესებს. ამჟამად პროექტი მოიცავს 28 ქალაქს, რომლებიც შემდეგ რეგიონებში მდებარეობს: სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, იმერეთი, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი.

პროექტი მოიცავს როგორც მთავარ ქალაქებს, ასევე პატარა სოფლებსაც. პროექტის საერთო ღირებულების 80 მილიონი ევროდან, ევროკავშირი უზრუნველყოფს გრანტს საერთო ოდენობით 8 მილიონი ევრო, ევროპის საინვესტიციო ბანკი სესხს - 40 მილიონი ევროს ოდენობით, ხოლო აზიის განვითარების ბანკის სესხი 32 მილიონ ევროს შეადგენს.