ტროტუარებზე, საფეხმავლო თუ სატრანსპორტო გადაადგილებისთვის გამოყოფილ ტერიტორიებზე ვკრძალავთ ნებისმიერი სახის ვაჭრობას. ამ მიმართულების მოწესრიგება პირველ რიგში დავიწყეთ ელიავას მიმდებარე ტერიტორიებით, - ამის შესახებ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი ბაგრატიონმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მონიტორინგის პროცესში ჯერ არავინ დაჯარიმებულა, რადგან მითითებებს ყველა ადამიანი დაემორჩილა.
„ზედამხედველობის საქალაქო სამსახური გარევაჭრობასთან მიმართებით ყოველდღიურ მონიტორინგს აწარმოებს. ტროტუარებზე, საფეხმავლო თუ სატრანსპორტო გადაადგილებისთვის გამოყოფილ ტერიტორიებზე ვკრძალავთ ნებისმიერი სახის ვაჭრობას.
ჩვენ დავიწყეთ იმ ქუჩების მოწესრიგება, სადაც ე.წ. კონსტრუქციები აქვთ დალაგებული, აქვთ მაღაზიები, სხვადასხვა სავაჭრო ადგილები, სადაც ხელს უშლიან ქვეითების ან სატრანსპორტო მოძრაობას. ყველა ეს ადამიანი გავაფრთხილეთ, რომ მოეწესრიგებინათ თავიანთი ტერიტორია და წითელ ხაზებს გარეთ არ გამოსულიყვნენ. ამ მიმართულების მოწესრიგება პირველ რიგში დავიწყეთ ელიავას მიმდებარე ტერიტორიებით, შემდეგ გავაგრძელეთ თბილისის სხვადასხვა რაიონში. დაახლოებით 30-ზე მეტ ქუჩაზე უკვე მოვაწესრიგეთ ეს საკითხი. დღესაც ვაგრძელებთ მონიტორინგს. ჯერჯერობით არსად არ დაგვიწერია ჯარიმა, რადგან ყველა ადამიანი დაემორჩილა ჩვენს მითითებას,“ - განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.