"სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე გადის"

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი აცხადებს, რომ სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე გადის.ამის შესახებ შაქარიშვილმა თბილისის მერის მიერ სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ დღეს გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა, მერიის ახალმა ადმინისტრაციამ მოკლე ვადებში მოახერხა და შეიმუშავა ოთხწლიანი სტრატეგია, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა კერძო ავტომობილების გადაადგილების ინტენსივობის შემცირებაა.

მისივე თქმით, წარმოდგენილი სტრატეგიის შესაბამისად, უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები და მიმდინარე წლის ბოლომდე ქალაქს 90 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი ეყოლება, ასევე, უკვე მზადდება სატენდერო დოკუმენტაცია დამატებით 250 შედარებით მოკლე, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის მიზნით, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წლის ბოლომდე თბილისში მოძრავი ამორტიზებული ე.წ ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება ახალი, ევროპული სტანდარტების, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით.

მისივე თქმით, მოხდება მოძრაობის სისტემაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტიზაცია.

„უნდა ითქვას, რომ რადიკალური და მკაფიო ნაბიჯების გარეშე შეუძლებელი იქნება სატრანსპორტო უწესრიგობის აღმოფხვრა. ცვლილებების ფილოსოფია ის არის, რომ უნდა მოხდეს ქვეითის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტიზაცია, რაც სამწუხაროდ, პირიქით იყო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და სისტემა ეწყობოდა მხოლოდ კერძო ავტომობილზე. როგორც აღვნიშნე, სატრანსპორტო სტრატეგია მიზნად ისახავს კერძო ავტომობილების გადაადგილების ინტენსივობის შემცირებას. შესაბამისად, ცხადია, გაიზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა პასუხობდეს გაზრდილ მოთხოვნას“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

დეპუტატის თქმით, აუცილებელია თბილისში მეტროს პოტენციალის ეფექტურად გამოყენება.

„მეტროს მოდერნიზაცია და ახალი შემადგენლობების დამატება 15 სექტემბრიდან უკვე იძლევა ლოდინის ხანგრძლივობის შემცირების საშუალებას, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება მგზავრთა გამტარუნარიანობა და დღის განმავლობაში უფრო მეტ ადამიანს შეეძლება ამ სწრაფი და კომფორტული ტრანსპორტით სარგებლობა.

„სწორედ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი ქალაქში კერძო ავტომობილების გადაადგილების ინტენსივობის შემცირება და საცობების პრობლემის გადაწყვეტა, რადგან განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით ა პუნქტიდან ბ პუნქტში გადაადგილება ბევრად უფრო კომფორტული, დროში ეფექტური და უსაფრთხო გახდება“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.