2018 წლის იანვარ-ივნისში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიმართ 3 326 საჩივარი დაფიქსირდა, საიდანაც 77,8% კომერციულ ბანკებზე მოდის.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ივნისში ბანკების მიმართ დაფიქსირებული პრეტრენზიების რაოდენობამ ყველა დროის რეკორდი მოხსნა, სებ-ში ერთ თვეში 542 საჩივარი შევიდა.
მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკებისადმი პრეტენზიები ბოლო წლებია მუდმივად იზრდება. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, ბანკებში 2 589 საჩივარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41,7%-ით მეტია. 2017 წლის პირველ 6 თვეში ბანკებში 1 827 პრეტენზია დაფიქსირდა. 2016 წლის 6 თვესთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი 95,5%-ით გაიზარდა, მაშინ სებ-ში მხოლოდ 1 326 პრეტენზია დაფიქსირდა.
2018 წლის 6 თვის პრეტენზიების სამეულში შედიან:
1) მიმდინარე ანგარიში - 1 024 განაცხადი
2) სამომხმარებლო სესხი - 497 განაცხადი
3) საკრედიტო ბარათი – 240 განაცხადი
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით ნახევარი ტრანზაქციებს, ჯარიმებსა და საკომისიოებს უკავშირდება. რაც შეეხება 2017 წელს, შარშან ბანკებში 3 665 საჩივარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,2%-ით მეტია. 2016 წელს ბანკებს პრეტენზიით 2 857-მა ადამიანმა მიმართა.
კომერციულ ბანკებთან ერთად 2018 წლიდან სებ-ში აღირიცხება მიკროსაფინანსოებთან დაკავშირებული პრეტენზიები. კერძოდ, მიმდინარე წლის 6 თვეში მისო-ებთან დაკავშირებით 737 პრეტენზია დაფიქსირდა. აქედან ყველაზე მეტი, 618 საჩივარი სამომხმარებლო სესხზე დაფიქსირდა, 49 - მომენტალურ განვადებაზე, 20 - იპოთეკაზე, 11- ავტოსესხზე და 9 ბიზნეს-სესხზე.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც მას შემდეგ იწარმოება.