რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოადგილესთან - გიგა კაციასთან და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან - შავლეგო ტაბატაძესთან ერთად, გელათის სამონასტრო კომპლექსის საკონსერვაციო-სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სამუშაოები ორ ეტაპიანია - პირველი ეტაპის სამუშაოები გუმბათის და ქვების რესტავრაციას ითვალისწინებდა, მეორე ეტაპი კი, გელათის ღვთისმშობლის ტაძრის სამლოცველოს გადახურვას, საძირკვლისა და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაციას მოიცავს.
სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს დასრულდა, პროექტის ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა - საინფორმაციო შენობა-ნაგებობის, კაფეს, სამზარეულოს, სველი წერტილისა და ავტოსადგომის მშენებლობა. ასევე გაკეთდა წყლის 2 რეზერვუარი, ჭაბურღილი და გამწმენდი ნაგებობა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ძეგლები, ისტორიული მემკვიდრეობა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გაცილებით მნიშვნელოვანია საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც გელათის მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
გელათის მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე პროექტის ჯამური ღირებულება, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, 3 მილიონ ლარამდეა და ორივე კომპონენტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.