Facebook-მა რუსეთთან და ირანთან დაკავშირებული რამდენიმე ასეული გვერდი არასანდო ინფორმაციასთან ბრძოლის ფარგლებში წაშალა.ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, „ფეისბუკსა“ და „ინსტაგრამზე“ საეჭვო მოქმედებების გამო 652 გვერდი, ანგარიში და ჯგუფი იქნა გაუქმებული.
„გარკვეული პირები და ჯგუფები აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ამ გვერდების მფლობელებმა 2012-2017 წლებში რეკლამაზე 12 000 დოლარზე მეტი დახარჯეს“, - განაცხადეს „ფეისბუქის“ პრესსამსახურში.
მათ ასევე დასძინეს, რომ საეჭვო ქმედებების ნაწილი ირანში, ნაწილი კი რუსეთში ხორციელდებოდა, თუმცა ირანული და რუსული გვერდები/ანგარიშები ერთმანეთთან კავშირში არ იყვნენ.
შეგახსენებთ, მანამდე „ფეისბუქმა“ 30-ზე მეტი ერთმანეთთან დაკავშირებული გვერდი/ანგარიში დაბლოკა, რომლებიც აშშ-ს 2018 წლის არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ.
კოკა კვირკველია