თბილისში 11 ივლისიდან 15 აგვისტომდე, ადგილებზე, სადაც სიჩქარმზომი სექციური რადარებია განთავსებული 35 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად, 170 პირი დაშავდა, ხოლო ერთი დაიღუპა, - შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.
უწყების ინფორმაციით, ადგილებზე, სადაც სიჩქარმზომი სელექციური რადარებია განთავსებული, კერძოდ, აღმაშენებლის ხეივანში, ბელიაშვილი-მინდელის ხიდებთან და რუსთავისა და კახეთის გზატკეცილებზე, 11 ივლისიდან 15 აგვისტომდე საპატრულო პოლიციამ სისხლის სამართლის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევები დააფიქსირა, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, იმ ადგილებიდან, სადაც სიჩქარმზომი სელექციური რადარებია განთავსებული, აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი, 17 ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე დაფიქსირდა, რომლის დროს დაიღუპა ერთი, ხოლო 33 პირი დაშავდა. 14 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა აღმაშენებლის ხეივანში, რომლის დროს 22 პირი დაშავდა, მომდევნო ბელიაშვილის-მინდელის ხიდებია, სადაც სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ყველაზე მეტი - 113 პირი დაშავდა, ბოლოს კი რუსთავის გზატკეცილია, სადაც 2 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა და ამდენივე პირი დაშავდა.
შს სამინისტროს ერთობილი ოპერაციების ცენტრის მიერ სიჩქარმზომი სექციური რადარი კახეთის გზატკეცილზე 11 ივლისიდან განთავსდა, ხოლო ამ პერიოდამდე თბილისის მასშტაბით აღნიშნული ტექნიკური საშუალება აღმაშენებლის ხეივანში, ბელიაშვილი-მინდელის ხიდებთან და რუსთავის გზატკეცილზე იყო განთავსებული.