ზუგდიდში, „აგრიჯორჯიას“ თხილის პლანტაციაში ადამიანის გარდაცვალების გამო, კომპანიამ მუშაობა დროებით შეაჩერა

ზუგდიდში შპს „აგრიჯორჯიას“ ჭითაწყარის ბაზაზე გუშინ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, კომპანიამ მუშაობა დროებით შეაჩერა.როგორც კომპანიის წარმომადგენელმა მერაბ ჭითანავამ განაცხადა, შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს, თუმცა დეტალების გარკვევას ისინი პოლიციასთან ერთად ცდილობენ.

„ინტენსიურად ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, რომ საქმის დეტალები გაირკვეს. პირი, რომელიც გარდაიცვალა, როგორც აღმოჩნდა ტრაქტორების სავალ ნაწილზე იყო. კომპანია „აგრიჯორჯია“ და ყველა მისი თანამშრომელი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მომხდართან დაკავშირებით. კომპანიამ შეაჩერა მუშაობა მისი ხსოვნისათვის პატივის მისაგებად“, - აცხადებენ „აგრიჯორჯიაში“.

შპს „აგრიჯორჯიას" თხილის პლანტაციაში გუშინ 67 წლის მამაკაცი დაიღუპა. ოჯახის ინფორმაციით, მას ტრაქტორი დაეჯახა. მათივე თქმით, პლანტაციაში მტვერია და ტექნიკა სწრაფად მოძრაობს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.