საქართველოში მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელების შრომის ანაზღაურება პრეზიდენტისა და პრემიერის ერთად აღებულ ხელფასზე ბევრად მაღალია.მაგალითად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 20,1 ათას ლარს შეადგენს, რაც ქვეყნის პრეზიდენტის შემოსავალზე თითქმის 4-ჯერ მეტია.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა ბექაური 2017 წლიდან დაინიშნა. თუმცა კომიისის წევრი 2014 წლიდანაა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯდომარე კახა ბექაურის ქონება.
როგორც 2018 წლის 31 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის წლიური ანაზღაურება 2017 წლის განმავლობაში 241 376 ლარი იყო, რაც თვეში დაახლოებით 20.114 ლარი გამოდის.
ბოლოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ფლობს, 578 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ლისის ტბის მიმდებარედ; 65 კვ.მეტრის და 73,2 კვ. მეტრის ბინებს თბილისში; 44,05 კვ მეტრი ფართობის ბინასა და 17,5 კვ. მეტრის ავტოფარეხს დუშეთში.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა ანგარიშზე - 14999,19 გირვანქა სტერლინგი, 19344,98 ევრო, 52324,49 ლარი და ჯამში 95 463.37 დოლარი ჰქონდა.
ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, ბექაური ფლობს შპს „ორი ნაბიჯის“ 33,33%-იან; შპს „მეგაპოლის კლასიკის“ 40%-იან; შპს „რითეილ ფროფერთიზის“ 25%-იან და შპს „სხვა არხის“ 100%-იან წილს.
მისი მეუღლე ეკა ბერიძე ფლობს, 92,3 კვადრატული მეტრის, 60 კვ. მეტრის, 21 კვ. მეტრის ბინებს თბილისში, ასევე 9.8 კვადრატული მეტრის არასაცხოვრებელი ფართს ლისი ვერანდაზე. გარდა ამისა, ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე 79,6 კვ.მ ბინისა და 12 კვადრატული მეტრის ავტოფარეხის მფლობელია. მას ეკუთვნის ასევე მსუბუქი ავტომობილი ტოიოტა RAV4.
ბერიძეს დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, -23606,87 ლარი, 13787,62 ევრო და 12 088 დოლარი ჰქონდა. ამასთან, მისი წლიური ანაზღაურება 2017 წელს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობაზე - 334662,28 ლარი იყო. რაც თვეში დაახლოებით 27.888 ლარი გამოდის.
ლიკა ამირაშვილი