ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის 2018 წლის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით განისაზღვრა.
მთავრობის დადგენილებით, პროგრამის მოსარგებლეა პირი, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მასზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ასევე საპენსიო ასაკის მოსახლეობა (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან), შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.
ფასდაკლებით შემდეგი სახის მედიკამენტების შეძენაა შესაძლებელი: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, ფილტვის ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტები, მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტები.
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულმა პირმა მედიკამენტების თითოეული გატანისას, გატანილი მედიკამენტების ღირებულების 10% უნდა გადაიხადოს. მთავრობის დადგენილებით, პირის მიერ გადახდილი თანხა არანაკლებ 5 თეთრს და არაუმეტეს 1 ლარს უნდა შეადგენდეს.
საპენსიო ასაკის მოქალაქის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის, აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის მიერ მედიკამენტებში გადახდილი თანხა კი არ უნდა აღემატებოდეს პროგრამის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტის საბაზრო ღირებულების 50%-ს.
ქრისტინე გამთენაძე