სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 14,9% სარგებლობს

საქართვეოში სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 14,9% სარგებლობს.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით სულ გაცემულია 554,338 პოლისი, რაც თითქმის 13 ათასით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის მეორე კვარტალში სულ გაცემული იყო ჯანმრთელობის დაზღვევის 541,597 პოლისი. 

ამასთან, 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 135,31 მლნ ლარი შეადგინა.  მოზიდული პრემიისა და ბაზრის წილის მიხედვით, ყველაზე დიდი წილი „ჯიპია ჰოლდინგზე“ მოდის. კომპანიამ წელს ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში 44,25 მლნ ლარი მოიზიდა და შედეგად, ბაზრის 33% დაიკავა. ხუთეულში შედიან - „იმედი L“ (33,39 მლნ ლარი); „არდი“ (15,45 მლნ ლარი); „პსპ“ (10,71 მლნ ლარი) და „ირაო“ (8,30 მლნ ლარი). 

2018 წლის II კვარტლის სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ შეადგინა 16,34 მლნ ლარი, კომპანიების აქტივები შეადგენს 699,37 მლნ ლარს, ხოლო კაპიტალი 180,69 მლნ ლარს.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, II კვარტლის ბოლოს რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

საანგარიშო პერიოდში, მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 295,28 მლნ ლარი.