ისნის რაიონის გამგეობისა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეთანხმებით, რაიონში არსებულ პრობლემურ მისამართებზე ინფრასტრუქტურული საკითხები ერთობლივი ძალებით მოგვარდება.
მერიის ცნობით, საქმე ეხება კომპანიის მხრიდან მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას, რათა გამგეობამ შეუფერხებლად უზრუნველყოს აღნიშნული მისამართებზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება.
ამასთან დაკავშირებით შეხვედრა ისნის რაიონის გამგებელს, კახა ლაბუჩიძესა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობას შორის შედგა, სადაც რაიონში არსებული პრობლემური ქუჩების და ობიექტების საკითხი განიხილეს.
ისნის რაიონის გამგეობამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ მისამართების შესახებ, სადაც მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემის გაუმართაობის გამო, საგზაო სამუშაოები აქამდე ვერ ხორციელდება.
ამ მხრივ 12 პრიორიტეტული მისამართი დასახელდა: მთისძირის II შესახვევი, ციხისძირის შესახვევი, თავისი ჩიხებით, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა, საბარგოს XII ქუჩა, ნავთლუღის დასახლება I და II შესახვევი, მელაანის IV შესახვევი, საექიმოს ქუჩა, გუდარეხის ქუჩა და შესახვევი, კოშკოვანის ქუჩა (აწყურიდან - ა. ზურაბაშვილის ქუჩამდე), არმაზის ქუჩა, ალადაშვილის შესახვევი და შორაპნის ქუჩა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული ობიექტების ნაწილი მიმდინარე წლის ბოლომდე განხორციელდება, ხოლო დანარჩენ ქუჩებზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 2019 წლის საბიუჯეტო პროექტებში იქნება გათვალისწინებული.