თურქეთის მიერ აშშ-ის სავაჭრო ომის წარმოებაში დადანაშაულებას, ლირის მორიგი გაუფასურება მოჰყვა

შეერთებულ შტატებთან თურქეთის გართულებული ურთიერთობის გამო, თურქული ლირა ვარდნას აგრძელებს.

თურქული ვალუტის მორიგი გაუფასურება მოჰყვა ანკარის მიერ ვაშინგტონის დადანაშაულებას, თურქთთან სავაჭრო ომის წამოწყებაში.

ნატო-ს წევრ ორ ქვეყანას შორის განხეთქილების ვაშლად იქცა ის გარემოება, რომ თურქეთს დაპატიმრებული ჰყავს ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, ვისაც ტერორიზმთან კავშირში ედება ბრალი. ამერიკა მის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს, რაზეც თურქეთი პასუხობს, რომ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია.

დღეს თურქული ლირა 0.6 პროცენტით გაუფასურდა, რის შემდეგაც, ერთი ამერიკული დოლარის ფასმა 6.1350 ლირას მიაღწია. ნაწილობრივ, ამ წყვილის ზრდა იმ გარემოებამაც გამოიწვია, რომ აშშ-ის ფედრეზერვის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ლაპარაკია დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის პოლიტიკის გაგრძელებაზე. ეს კი დოლარის გამყარებას უზრუნველყოფს.

უნდა ითქვას, რომ წელს თურქული ლირა უკვე 37 პროცენტით არის გაუფასურებული, რისი მთავარი მიზეზიც ისაა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიიპ ერდოგანი ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრაში ერევა, რაც ინვესტორთა შეშფოთებას და სიფრთხილეს იწვევს.

სხვათა შორის, ტრამპს როიტერსთან საუბრისას ნათქვამი აქვს, რომ ბრანსონის გათავისუფლების შემთხვევაშიც, ის სანაცვლოდ თურქეთთან დაკავშირებით რაიმეს დათმობას არ აპირებს. სიტუაციის გამწვავება მოჰყვა ტრამპის მიერ, თურქეთიდან ამერიკაში იმპორტირებულ მეტალებზე ტარიფების გაორმაგებას. ამის პასუხად, ანკარამ ტარიფები ამერიკულ ავტომობილებზე, თამბაქოზე, ალკოჰოლზე და სხვა პროდუქციაზე, პროპორციულად გაზარდა. გარდა ამისა, თურქულმა მხარემ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) საჩივარი შეიტანა.