„ოპელმა“ თავისი ახალი კონცეპტუალური ავტომობილი - „GT X ექსპერიმენტალ“ წარმოგვიდგინა, რომლის მსოფლიო პრემიერაც მალე, პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება.
ამ კონცეპტით, „PSA პეჟო-სიტროენის“ მფლობელობაში მყოფი გერმანული კომპანია (და მისი ინგლისური ტყუპისცალი ვოქსოლი), თავისი ავტომობილების სტილის მომავალს გვიჩვენებს.
„GT X ექსპერიმენტალ“ არის კუპეს სტილის ქროსოვერი, რომელიც თავისი სახურავის მოყვანილობით, პატარა „ადამს“ მოგვაგონებს. წინიდან ავტომობილს კუთხოვანი ბამპერი, LED მატრიცული ფარები და გაუმჭოლი რადიატორი გამოარჩევს. ასევე ყურადღებას იქცევს ბორბლების გამობერილი თაღები, მოკლე წინა და უკანა გადმონაშვერები.
კიდევ ერთი სტილისტური თავისებურება არის ბამპერის შუაში, კომპანიის ლოგოს ქვემოთ მოთავსებული სამკუთხა წანაზარდი, რომელსაც კაპოტზე არსებული ამონატვიფრი, სახურავის ბოლოში, სპოილერზე მოთავსებული წანაზარდი, ასევე უკანა ბამპერის შუა ნაწილში არსებული ვერტიკალური მინ-ტიხარი და უკანა დიფუზორზე არსებული ვერტიკალური ელემენტი აგრძელებს.
კიდევ ერთი თავისებურება არის ყვითელი ფერის ზოლი (კომპანიის ფერია), რომელიც სათავეს კაპოტის კიდეში იღებს, წინა საყრდენს აჰყვება, სახურავის სილუეტს გასდევს და უკანა საყრდენზე მთავრდება. კონცეპტუალური ავტომობილისთვის დამახასიათებელი ეს ელემენტი, ავტომობილის დინამიურობას უსვამს ხაზს და სტილს ჩამოყალიბებულ ხასიათს ანიჭებს.
ავტომობილს არ აქვს შუა საყრდენი, მისი უკანა კარი კი წინას საპირისპიროდ იღება. ამ ყველაფრის წყალობით, სალონში შესვლა და იქიდან გადმოსვლა გაადვილებულია. სალონი მინიმალისტურ სტილშია შესრულებული. იქ განლაგდა „ოპელის“ ძველ სტილში შესრულებული საჭის რგოლი და მაჩვენებლების მოზრდილი, ციფრული დაფა, რომელიც ინფოტაინმენტ სისტემის ეკრანსაც მოიცავს.
ამ ეტაპზე, „ოპელი“ კონცეპტის ტექნიკურ მახასიათებლებს არ აქვეყნებს. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, „GT X ექსპერიმენტალ“ არის ელექტრომობილი, რომელიც 50 კილოვატსაათი ტევადობის ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკით და ინდუქციური დამუხტვის სისტემითაა აღჭურვილი. ელექტრო ძრავი, რომლის მონაცემებიც ჯერჯერობით უცნობია, წინა ბორბლებს ატრიალებს.