მამუკა ბახტაძე  -  გვსურს, ვიხილოთ უფრო მეტი გერმანული ინვესტიცია საქართველოში

ქალბატონო კანცლერო, უღრმეს მადლობას გიხდით ჩამობრძანებისთვის, მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც გერმანია ახორციელებს ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ ჩვენი დამოუკიდებლობის დღიდან,- ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, კანცლერთან შეხვედრაზე ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით.

„ესენია: ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია, უვიზო რეჟიმით სარგებლობა, ენერგეტიკულ კავშირში გაწევრიანება, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაღრმავება, უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის დაწყება და საერთო გამოწვევებთან ბრძოლა. ყოველივე ეს, მყარ საფუძველს უქმნის სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გარღმავებას. ამ კონტექსტში ქალბატონ მერკელს გავაცანით საქართველოს მთავრობის ინიციატივა - საგზაო რუკა, რომელიც ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად, თანამშრომლობის ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, ადეკვატურად აისახა ნატო-ს 2018 წლის სამიტის დეკლარაციაში“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველო-გერმანიას აერთიანებთ საერთო ინტერესი და მისწრაფება, რომ მაქსიმალურად განავითარონ ახალი და ამავე დროს კიდევ უფრო განამტკიცონ არსებული ურთიერთობები. „უკვე მივაღწიეთ პარტნიორობის ისეთ სტანდარტებს, როდესაც შეგვიძლია ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით თვისობრივად ახალ ეტაპზე ავიყვანოთ თანამშრომლობა. ასევე, მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ გერმანიის მხარის მიერ გაცხადებული ევროპის ახალი აღმოსავლეთის პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ჩვენ მივესალმებით საქართველოში ყველა გერმანული კომპანიის საქმიანობას. წარმატებულ პროექტებთან ერთად, გვაქვს სურვილი ავითვისოდ უფრო მეტად ორმხრივი თანამშრომლობის ეკონომიკური პოტენციალი, ვიხილოთ უფრო მეტი გერმანული ინვესტიცია საქართველოში და მსხვილი გერმანული კომპანიის პარალელურად, განვავითაროთ ურთიერთობა მცირე და საშუალო ბიზნესს შორის“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი იქცეს კარიბჭედ და რეგიონულ ჰაბად იმ ქვეყნებისთვის, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. „აქედან გამომდინარე, ეს არის გერმანული კომპანიებისთვის მართლაც უნიკალური პერსპექტივა და შესაძლებლობა, გაზარდონ ვაჭრობა არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ ზოგადად, მთელს რეგიონთან. მნიშვნელოვანია, რომ ფედერალურ კანცლერთან ერთად, საქართველოში იმყოფებიან გერმანული კომპანიების წარმომადგენლებიც, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სულ უფრო მეტად იზრდება ინტერესი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და შესაძლებლობის მიმართ. ჩემთვის განსაკუთრებულად საამაყოა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ვხელმძღვანელობდი საქართველოს რკინიგზას, დაიწყო ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები გერმანიის რკინიგზასთან. დღეს, „დოიჩე ბანკი“ საქართველოს რკინიგზის ოფიციალური პარტნიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის რკინიგზა არის არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზის პარტნიორი, არამედ ზოგადად საქართველოს ეკონომიკამ შეიძინა ძალიან ძლიერი და სანდო პარტნიორი ევროკავშირის ტერიტორიაზე. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებში არსებული ინტენსიური თანამშრომლობა. მადლიერი ვართ, იმ მრავალრიცხოვანი სტიპენდიებისთვის, რომელსაც გერმანია ყოველწლიურად გასცემს ქართველ სტუდენტებსა და მეცნიერ-მკვლევარებზე. მოუთმენლად ველით ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობას, სადაც საქართველო იქნება წარმოდგენილი როგორც საპატიო სტუმარი. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა გერმანული საზოგადოებისთვის, რომ უკეთ გაიცნოს ევროპული ფესვების მქონე მდიდარი და მრავალფეროვანი ქართული კულტურა“, - აღნიშნა პრემიერმა.