“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია უშუალოდ იმ პირებს მიეწოდათ, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს,” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან, ტომას ბარაიბისთან და გერმანულ ბიზნეს-დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების შემოსვლა, რომელთაც საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვთ და ქვეყანაში, ინვესტიციასთან ერთად, ასევე შეაქვთ ცოდნა და ახალი ტექნოლოგიები.
„მნიშვნელოვანია, რომ გერმანულ კომპანიებს წარმოადგენდნენ უშუალოდ მფლობელები. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია უშუალოდ იმ პირებს მიეწოდათ, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს მათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. რაც ასევე საგულისხმოა, მათ ჰქონდათ კონკრეტული შეკითხვები საქართველოს ცალკეული სექტორების მიმართ, სადაც ისინი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას მსხვილი გერმანული კომპანიების (Knauf Gips KG; Ernst Klett AG; Deutsche Bahn AG; Caisley International GmbH; GP Günter Papenburg AG; Cronimet Holding AG / Cronimet Mining AG; Giesecke & Devrient) ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მათი ინფორმაციით, მოკლე პრეზენტაციების გაკეთების შემდეგ, ისინი საქართველოს ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებში არსებული ვითარებით დაინტერესდნენ. მათ შორის იყო გერმანიის სარკინიგზო კომპანია „დოიჩე ბანი“, რომელთანაც მოლაპარაკებები თანამშრომლობის შესახებ 2016 წლიდან დაიწყო, როდესაც კომპანია „საქართველოს რკინიგზას“ ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებები 2018 წლის ივლისში დასრულდა.
„აღნიშნული მემორანდუმი გულისხმობს თანამშრომლობას „საქართველოს რკინიგზასა“ და „დოიჩე ბანს“ შორის გადაზიდვებისა და ინფრასტრუქტურის ნაწილში, ასევე საერთაშორისო ტვირთების მოზიდვის კუთხით. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაიზარდოს საქართველოზე გამავალ ევროპა-აზიის დერეფანში ტვირთები მოცულობა და ის უფრო მეტად მდგრადი გავხადოთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.