1-ლი სექტემბრიდან თამბაქოს გარე-ვიტრინებზე რეკლამირება იკრძალება - როგორ ხვდება ბიზნესი ახალ რეგულაციას

1-ლი სექტემბრიდან თამბაქოს შესახებ კანონით გათვალისწინებული კიდევ ერთი რეგულაცია ამოქმედება.

კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა კი 4 000 ლარის ოდენობით.

„ბისნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ ხვდებიან თამბაქოს რეალიზატორები კიდევ ერთ რეგულაციას. თბილისში მდებარე რამდენიმე ჯიხურში დასაქმებულებმა გვითხრეს, რომ რეგულაციების შესახებ იციან და ემზადებიან კიდეც. ზოგიერთ ჯიხურში კი ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

„არ ვიცოდი ეგეც თუ იკრძალებოდა, მაგრამ რას ვიზამთ, კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ. ვიტრინაზე აღარ დავდებთ და ისე გავყიდით. ვისაც სიგარეტის ყიდვა უნდა, რეკლამის გარეშეც იყიდის“,-განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ თამბაქოს ერთ-ერთმა რეალიზატორმა.

„ვიცი, რომ ვიტრინიდან რეკლამაც იკრძალება. ეს დიდი პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მაგის გარეშეც მშვენივრად ყუდულობენ თამბაქოს“,- აღნიშნა კიდევ ერთმა თამბაქოს რეალიზატორმა.

„გავიგე, რომ ვიტრინაზე არ უნდა იდოსო და რეკლამა იკრძალებაო. რა ვიცი, რა გითხრათ აბა, ეს არაფერს შეცვლის, მწველები მაინც მოწევენ და რეკლამის გარეშეც შეიძენენ. ჩვენც ავიღებთ რეკლამას, ეგ რა პრობლემაა“,-აცხადებს კიდევ ერთი გამყიდველი.

ცნობისთვის, თამბაქოს შესახებ კანონით გათვალისინებულია კიდე რამდენიმე რეგულაციის ეტაპობრივად ამოქმედება. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155 მუხლის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალოდ მიწოდებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამ მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. აღნიშული სანქციები 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

ცნობისათვის, საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები და წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები 2018 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდა. კანონმდებლობით, თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე.

ნინი ქეთელაური