ამერიკაში თვითმფრინავისგან ლიმუზინი დაამზადეს

ამერიკულმა კომპანია „ჯეტსეტერმა“, ბიზნეს კლასის რეაქტიული თვითმფრინავის ფიოუზელაჟის ბაზაზე, მაღალი კლასის ავტომობილი დაამზადა, რომელსაც საერთო სარგებლობის გზებზე გადაადგილების დაშვება აქვს.კომპანიამ თავისი ლიმუზინი მობილური ელექტრონიკის შოუ „ნოლეჯფესტზე“ წარადგინა.

ავტომობილი, რომელსაც სახელად „ლეარ ჯეტ“ შეარქვეს, V8 ძრავით არის აღჭურვილი და მისი მხოლოდ სარეკლამო დანიშნულებით გამოყენება იგეგმება. გარდა ამისა, „ჯეტსეტერი“ მას საკუთარი შესაძლებლობების სადემონსტრაციოდაც გამოიყენებს.

ამერიკულ კომპანიას უცნაურ ლიმუზინზე მუშაობა 2006 წელს დაუწყია. წლებით არამხოლოდ საინჟინრო სამუშაოებზე, არამედ ფულის მოზიდვაზეც წავიდა. „ლეარ ჯეტს“ ფიუზელაჟის გარდა, თვითმფრინავისგან კილი და მისი პატარა ფრთებიც შემორჩა. რა თქმა უნდა, მას ფრთები მოაშორეს. სამაგიეროდ, შეუნარჩუნდა რეაქტიული ძრავების გონდოლები. ფიუზელაჟს ბორბლები სარბოლო ტიპის საკიდარით დაუკავშირეს. წამყვანი უკანა ბორბლებია. ძრავიც უკან განლაგდა.

განსაკუთრებული ყურადღება ინტერიერის გაწყობას დაეთმო. მისი ჭერი და იატაკი შუქდიოდებით არის განათებული. სალონში განლაგდა მინი ბარი, ინფოტაინმენტ სისტემა, ციფრული ტელეეკრანი და რა თქმა უნდა, კომფორტული სავარძლები. შენარჩუნდა ილუმინატორები. წინ ერთი სავარძელია და ჩვეულებრივი ავტომობილის საჭის რგოლი, მის უკან მოთავსებული მაჩვენებლების დაფით.