საქართველოში სამართლებრივი დავის დაწყებამდე „სითი პარკს“ სარჩელი საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრში შეაქვს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის იურისტმა თამარ შუბითიძემ განუცხადა, „იურიდიულ კომპანიასთან ერთად სარჩელზე მუშაობა სრულდება და სექტემბერში მას უკვე ICSID-ში შევიტანთ“. საქმე ეხება თბილისის მერიის მიერ „სითი პარკისთვის“ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას.
„საქართველოში როდის დაიწყება სასამართლო პროცესები, არ ვიცით. რაც შეეხება საერთაშორისო დავას, იურიდიულ კომპანიასთან ერთად ვამზადებთ მასალებს და შესაბამისად, სექტემბერში უკვე წარვადგენთ ჩვენს სარჩელს ICSID-ში. ეს არის ბიზნეს-დავების განმხილველი სასამართლო, რომელსაც შიდა ინსტანციების ამოწურვის სავალდებულო მოთხოვნა არ აქვს. შესაბამისად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შესაძლებელია დავის დაწყება“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ თამარ შუბითიძემ.
საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრი (ICSID) არის საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელიც 1966 წელს დაარსდა. მისი დანიშნულება არის საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარება სახელმწიფოებსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, კერძო ინვესტორებს შორის.
ICSID არის მსოფლიო ბანკის ჯგუფის ნაწილი და მის მიერვე ფინანსდება. შტაბ-ბინა ვაშინგტონში (აშშ) აქვს. ეს არის ავტონომიური, მრავალმხრივი, სპეციალიზებული დაწესებულება, რომლის მიზანიც, საერთაშორისო ინვესტიციების ნაკადისთვის ხელის შეწყობა და არაკომერციული რისკების შემცირებაა. მოქმედებს ხელშეკრულებით, რომელიც რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის აღმასრულებელი დირექტორების მიერ არის შემუშავებული და წევრი ქვეყნების (სულ 161) მიერ არის ხელმოწერილი.
სწორედ ამ არბიტრაჟში შეაქვს „სითი პარკს“ და მის მიერ დაქირავებულ ბრიტანულ იურიდიულ კომპანიას Freshfields Bruckhaus Deringer LLP-ს სარჩელი თბილისის მერიის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება „სითი პარკის“ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით 13 მარტს გააკეთა. კომპანიას დედაქალაქის მერიამ ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილიდან შეუწყვიტა და მის ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანია ასრულებს.
ამის შემდეგ კომპანია „სითი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია Freshfields Bruckhaus Deringer LLP დაიქირავა.
მოგვიანებით თბილისის მერიამაც „სითი პარკთან“ შეწყვეტილი ხელშეკრულების გამო სამართლებრივი დავისთვის იურიდიული კომპანია დაიქირავა. ამ მომსახურებისთვის კი ჯერ ტენდერი გამოაცხადა, თავად მომსახურება კი 800 000 ლარია. კახა კალაძის უწყებას „სითი პარკთან“ დავაში მომსახურებას „ემ ჯი იურიდიული ოფისი“ გაუწევს.