აჭარაში კვებისა და განთავსების ობიექტებში მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს.აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მომსახურების ხარისხის დასადგენად კვლევას რეგიონში არსებულ ყველა მუნიციპალიტეტში არსებულ 200-მდე ტურისტულ ობიექტში ჩაატარებს, მათ შორის 120 განთავსების და 80 კვების ობიექტია.
აჭარის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, კვლევის მიზანია რეგიონში მომსახურების სფეროში არსებული ხარვეზების გამოვლენა, გაანალიზება და სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის მიზნობრივი სატრენინგო პროგრამის შემუშავება.
კვლევის შედეგად განთავსებისა და კვების ობიექტების პერსონალი მოწმდება მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ: ჯავშნის მიღება, სტუმრების განთავსება, დასუფთავების კომპონენტი, პერსონალის მიერ რთული სიტუაციებიდან ოპტიმალური გამოსავლის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორია სერვისის დონე რეგიონში არსებულ კვებისა და განთავსების ობიექტებში, რა ტიპის გამოწვევებისა და ხარვეზების წინაშე დგას სექტორი. 2019 წლისთვის სწორედ, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ვგეგმავთ შევიმუშაოთ მაქსიმალურად ეფექტური სატრენინგო პროგრამები, რომელიც ორიენტირებული იქნება სერვისის დონის გაუმჯობესებაზე. ჩვენთვის მნიშვნელონია რეგიონის თითოეული სტუმარი იყოს კმაყოფილი. ამას კი მნიშვნელოვნად განაპირობებს ის ტურისტული ობიექტები, სადაც ტურისტები ღებულობენ სხვადასხვა სახის მომსახურებას. პროექტში ჩართულ თითოეულ ობიექტს ინდივიდულურად მივაწვდით ინფორმაციას მათთან არსებული მდგომარეობის შესახებ, რაც სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტს დაეხმარება ეფექტურად დაგეგმონ თავიანთი სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში მომსახურების ხარისხის კვლევა ივლისში დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დაასრულებს. კვლევის შედეგების ძირითად ტენდენციებს დეპარტამენტი საზოგადოებას წლის ბოლოს გააცნობს.