გაზსაცავის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს იქნება სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც ასევე მეტწილად სოციალური დანიშნულება ექნება. გაზსაცავში მოხდება იმ გაზის დაგროვება, რომელიც ზამთრის სეზონის ე.წ. პიკურ პერიოდებში დააკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობის თაობაზე“ ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, გაზსაცავის მშენებლობის დაწყება იგეგმება 2019 წელს და დასრულება დაგეგმილია დაახლოებით 2022 წლისთვის, როდესაც საქართველო უკვე შაჰდენიზის მეორე ფაზის შედეგად მიიღებს მეტ იაფ ბუნებრივ აირს.
„გაზის იაფ რესურსს შაჰდენიზის მეორე ფაზიდან გამომდინარე, საქართველო გაზის უკვე გაზრდილ მოცულობას მიიღებს. შესაბამისად ჩვენ ვაპირებთ, რომ დავასრულოთ გაზსაცავის მშენებლობა იაფი გაზის მიღების პროცესის დაწყებამდე, რათა იქ დაცული გაზი ზამთარში პიკური მოხმარების დროს გამოვიყენოთ, როდესაც მოსახლეობის მოთხოვნილება მზარდია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ.
სამინისტროს განცხადებით, ხელშეკრულება ითვალისწინებს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფას. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება. პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირებას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას.