დარწმუნებული ვართ, უახლოეს პერიოდში საქართველო შეძლებს, თამბაქოს პროდუქტები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს და მოზარდები ვერც ერთ მაღაზიაში ვერ ნახავენ თამბაქოს ნაწარმს.
აუცილებელია თამბაქო ისე იყიდებოდეს, რომ ბავშვები მას ვერ ხედავდნენ, - ასე გამოეხმაურნენ საქართველოში მოზარდების მიერ თამბაქოს ნაწარმის მოხმარების სტატისტიკას თბილისში სპეციალური ვიზიტით მყოფი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ინგლისიდან იან გრეი და პოლ ჰუპერი.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ცნობით, ექსპერტებმა ლუგარის ცენტრში ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მასტერ-კლასი გამართეს. შეხვედრის მიზანი იყო სამინისტროს წარმომადგენლების მომზადება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის და პოპულარიზაციის მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულებისთვის. ექსპერტებმა ქართველ აღმასრულებლებს არასრულწლოვანებზე თამბაქოს მიყიდვის აკრძალვის აღსრულების საკითხებში ინგლისის გამოცდილება გააცნეს.
„თამბაქოს კონტროლის კანონით, საქართველოში თამბაქოს ნაწარმის ღერებით გაყიდვა ჯერ კიდევ 2003 წლიდან იკრძალება, თუმცა, კანონის აღსრულების საკითხი პრობლემურია. ამის შესახებ უცხოელმა ექსპერტებმაც შენიშნეს. ისინი თბილისში შემოსავლების სამსახურის ოფიცრებთან ერთად ბაზრობებზე და ქუჩებში მონიტორინგის მიზნით გავიდნენ. მათ დააფიქსირეს ბაზრობების ტერიტორიებზე ხელით მოვაჭრეები, რომელთაც თამბაქოს ნაწარმი ღერებით სავაჭროდ გამოეფინათ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე თქმით, უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ კანონის აღსრულებისთვის საკმარისი არ არის ღერებით მოვაჭრეებზე დაკვირვება და ჩასაფრება. აღსრულების მექანიზმის ამ მიმართულებით გასაუმჯობესებლად აუცილებელი. მაკონტროლებლები საქართველოშიც სისტემატურად მიმართავდნენ საერთაშორისო პრაქტიკას, თამბაქოს ნაწარმის ღერებით ე.წ. სპეციალურ საკონტროლო შესყიდვებს, მათ შორის, ლეგალური გზით, არასრულწლოვანთა მონაწილეობით.
„ევროპის ქვეყნებში არასრულწლოვნებს ამ მეთოდში ეთიკური ნორმების ზედმიწევნით დაცვით, მშობლებთან შეთანხმებით, სამართალდამცველების სრული კონტროლის ქვეშ რთავენ. მოზარდები მაღალი სამოქალაქო მოვალეობის შემსრულებელ პირებად მიიჩნევიან, მათ იციან, რომ ჯანსაღი მომავალი თაობისთვის მუშაობენ,“ – აცხადებენ ექსპერტები.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან იკრძალება თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის ელექტრონული სიგარეტის) გამოდება ვიტრაჟებსა და ვიტრინებში. ასევე იკრძალება ე.წ. „დრაივ თობაქოს“ ჯიხურებიდან თამბაქოს ნაწარმის შეძენა მანქანიდან გადმოუსვლელად. საჯარიმო სანქცია განისაზღვრა 2000 ლარის, განმეორების შემთხვევაში კი 4000 ლარის ოდენობით. ამ მიმართულებების დარღვევებზე რეაგირება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ევალება.