ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა, ჯეკსონ ჰოულის ეკონომიკის სამიტზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივ გაზრდას ემხრობა, თუმცა ისიც დაამატა, რომ ამ პროცესის უფრო აგრესიულ რიტმში გადაყვანის საჭიროებას ვერ ხედავს.
თავისი გამოსვლისას პაუელმა ორ რისკ ფაქტორს გაუსვა ხაზი: ერთია მეტისმეტი აჩქარება და ექსპანსიის პროცესის დამოკლება, მეორე კი - მეტისმეტად ნელი მოქმედება, რაც ეკონომიკის გადახურებას და შესაბამის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. „FOMC (ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტი) ორივე ამ რისკს სათანადო ყურადღებას აქცევს და სწორედ ამიტომ, განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის პოლიტიკას ახორციელებს“, - განცხადა პაუელმა.
მანვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ ჩანს იმის ნიშნები, რომ ინფლაცია ფედრეზერვის მიზნობრივ 2-პროცენტიან ზღვარზე გაცილებით მაღლა ავა. ის ვერ ეკონომიკის გადახურების გაზრდილ რისკებს ხედავს. „როგორც FOMC-ის ბოლო განცხადებაშია ნათქვამი, თუ შრომის ბაზარი და შემოსავლები კვლავაც ახლანდელი ტემპით გაიზრდება, ფედერალური ფონდების განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის პროცესის გაგრძელება, სრულიად მისაღები იქნება“, - დასძენს პაუელი.
უნდა ითქვას, რომ ანალიტიკოსებმა და ინვესტორებმა, პაუელის სიტყვა „მტრედულ“ გამოსვლად შეაფასეს, რამაც დოლარის კურსის ოდნავ შემცირება გამოიწვია. ამერიკული ვალუტის ინდექსი 0.58 პროცენტით, 95.00-მდე შემცირდა.