შავი ზღვის უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს ხვალამდე აძლევს ვადას, რომ მათ სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვა მოუხსნას

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავტორიზაციის საბჭოს 27 აგვისტომდე აძლევს ვადას, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვა მოუხსნას.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან, სტუდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზ ე უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ განაცხადა, ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული დავალიანება გადაიხადა, იმას არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აღიარებს.

“ის, რომ ჩვენ ფინანსთა სმინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა - 712 000 ათასი ლარი გადავიხადეთ, იმას არ ნიშნავს, რომ ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვაღიარებთ. ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო. ჩვენ საბჭოს ყველა ის დოკუმენტაცია წარვუდგინეთ, რომელიც გვქონდა. ასევე ვუთხარით, რომ ჩვენი უნივერსიტეტის აქტივები ამ თანხაზე მეტია და მომავალში თანხის გადახდასთან დაკავშირებით არანაირი საფრთხე არ იქნება. სასამართლო დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დღეს რომ გადავხედეთ იმ სტუდენტების რაოდენობას, რომელთაც ჩვენი უნივერსიტეტი ჩამონათვალში პირველი ადგილიდან ჯერ კიდევ არ შეუცვლიათ, ვიფიქრეთ, რომ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ ეს სტუდენტები არ დაზარალდნენ. ეს თანხა ჩვენ უკვე გადავიხადეთ და ცენტრს მივმართავთ, რომ გადაწყვეტილებას გადახედონ”, - განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით სწორედ ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა.