სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB-“ პოზიტიური პერსპექტივით შეუნარჩუნა

რეგიონში შექმნილი ეკონომიკური სირთულეების, ასევე, ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის ფონზე, ავტორიტეტულმა საერთაშორისო საკრედიტო კომპანია Fitch-მა საქართველოს შეუნარჩუნა საკრედიტო რეიტინგი "BB-" პოზიტიური პერსპექტივით, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან.მათი განმარტებით, საქართველოსთვის საკრედიტო რეიტინგის შეფასება, მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის, ხელს უწყობს საქართველოს მიმართ ნდობის შენარჩუნებას და ეკონომიკის განვითარებას, რადგან სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში ხაზგასმულია ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე წლის დასაწყისიდან აღინიშნება.

"კერძოდ: Fitch-ი ხაზს უსვამს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს თანამშრომლობას და დადებითად აფასებს პროგრამის წარმატებით მიმდინარეობას.

სარეიტინგო კომპანია პოზიტიურად აფასებს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს, რომელიც "BB" კატეგორიის ქვეყნების მაჩვენებელზე მაღალია. განსაკუთრებით, აღნიშნულია ის გარემოება, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა საჯარო ფინანსების მიმართულებით", - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებულ "ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017-ის" შედეგებით, საქართველომ მე-5 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის და ახალ ზელანდიასთან, შვედეთთან და ნორვეგიასთან ერთად მოექცა სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, პოზიტიურად სახელდება ფისკალური დეფიციტის შემცირების ტენდენცია, რომელიც Fitch-ის პროგნოზით, 2018-2019 წლებში ქვეყანში 2.6%-მდე შემცირდება, რაც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის კიდევ უფრო მეტი ფისკალური კონსოლიდაციის მიზნებთან, ისევე როგორც "BB" რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებთან.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო კომპანიის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ინფლაციის დონე და Fitch-ის პროგნოზი, თანხვედრაშია ქვეყნის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან.

"მსოფლიოში წამყვანი სარეიტინგო კომპანიის აღნიშნული ანგარიში, ადასტურებს წლის დასაწყისიდან ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციას და პოზიტიურად აფასებს იმ ფისკალურ პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში", - განმარტავენ სამინისტროში.