ხორბლის გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ხორბლის გადაზიდვასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომავალში პურის ფასებზე აისახოს.
როგორც გაზეთ „კვირის პალიტრას“ „სერვისაგროს“ დირექტორმა, ბესო ჯიქიამ განუცხადა, მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, ბაზარზე 3-4 კომპანია დარჩება და კონკურენცია ფაქტობრივად აღარ იქნება, რაც ხორბლის და შემდგომ უკვე პურის ფასებზე მოახდენს ზეგავლენას.
„სერვისაგრო“ ხორბლის ექსპორტ-იმპორტის ბიზნესში ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდავი კომპანიაა. ამ დროისთვის კომპანიაში 300 მძღოლია დასაქმებული, მთლიანად კი ამ ბიზნესით 1000-ზე მეტი მძღოლია დაკავებული. თუ ფინანსთა მინისტრს ტურისტების შემოსვლის პრობლემა აწუხებს, ნეიტრალური ზონა არსებობს და იქ გამოასწორონ სიტუაცია. პირადად მე, ამ აკრძალვით 300 კაცი უნდა დავითხოვო სამსახურიდან და 300 ოჯახი დავტოვო მშიერი. პრობლემა ის არის, რომ ბაზარზე კონკურენცია შემცირდება, დარჩება 3-4 კომპანია და ისინი გაზრდიან ფასებს. აქამდე იმპორტით რამდენიმე ბიზნესოპერატორი იყო დაკავებული და ბაზარზეც ჯანსაღი კონკურენცია იყო. დღეს ჩემს ბიზნესში სახელმწიფო ჩაერია. მე ვიცი ერთი რამ - როდესაც ბიზნესში სახელმწიფო ჩაერევა, შემდეგ უნდა მოიგონოს ბევრი რეგულაცია, რომ რეპრესიებამდე არ მივიდეს“, - განაცხადა ჯიქიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, სექტემბრიდან ხორბლის ექსპორტ-იმპორტი მხოლოდ რკინიგზითა და პორტებით იქნება შესაძლებელი.