თბილისში შენობებზე წარწერების გაკეთებისა და პლაკატების გაკვრისთვის ჯარიმები იზრდება

თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებისთვის ჯარიმები 4-ჯერ იზრდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დედაქალაქში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. დღეს მოქმედი რედაქციით თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებაზე ჯარიმის ოდენობა სულ რაღაც 50 ლარს შეადგენს.

ორჯერ იზრდება იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისას ჯარიმის ოდენობა. თუ დღეს ჯარიმა 500 ლარია, 28 აგვისტოდან დამრღვევ პირს 1000 ლარის გადახდა მოუწევს.

ამასთან, სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. დღეს ჯარიმის ოდენობა 500 ლარს შეადგენს. განმეორებით აღნიშნული ფაქტის ჩადენაზე ჯარიმა 1000-დან 2 000 ლარამდე იზრდება.

ამასთან, კოდექსის მიხედვით იზრდება ჯარიმების რაოდენობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის თვითნებური შეცვლაზე, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლაზე. თუ აქამდე ჯარიმის ოდენობა 200 ლარი იყო, 28 აგვისტოდან ეს ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

არ იცვლება ჯარიმის ოდენობა იმავე ქმედების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენაზე, ამ შემთხვევაში ჯარიმა ისევ 5 000 ლარი იქნება.

ასევე იგივე რჩება ჯარიმის ოდენობა სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსის, ჯიხურის, დახლის ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებური მონტაჟსა ან/და განთავსებაზე. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირის 500 ლარის ოდენობით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი − 1 000 ლარით. დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში კი 1 500 ლარის ოდენობით ჯარიმას გამოიწვევს.