ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ავტორიტეტული საკრედიტო ორგანიზაცია უნარჩუნებს რეიტინგს საქართველოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც რეგიონში არის კრიზისი,- განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ეკონომიკის განვითარება არის ორი მნიშვნელოვანი მოცემულობის ჯამი, ეს არის ბიზნესგარემო და ფარდობითი უპირატესობები, ანუ ის შესაძლებლობები, რომლებიც არსებულ ბიზნესგარემოში უნდა განვითარდეს.
„მსოფლიოს ბიზნეს საზოგადოება, მათ შორის პოტენციური ინვესტორები ანიჭებენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ასეთი და კიდევ რამდენიმე ავტორიტეტული სააგენტოს, ორგანიზაციის შეფასებას. ამიტომ, ეს შეფასება ჩვენი მთავრობისთვის ნამდვილად შეიძლება პოზიტიურ შეფასებად ჩაითვალოს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შეფასებისას გამოყოფილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ფისკალური დეფიციტის შემცირების ტენდენცია და ასევე ინფლაციასთან, მის მაჩვენებელთან დაკავშირებით არის პოზიტიური შეფასება. ჩემი ეს შეფასება აჩვენებს ამ მიმართულებით მთავრობის პოლიტიკის სიმყარეს და მის დადებით ტენდენციას. გარე რისკების მიმართ მდგრადობა შეუძლიათ მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც მაკროეკონომიკური პარამეტრების მდგრადობა არსებობს და თავისთავად ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებაა. მაკროეკონომიკური პარამეტრების მდგრადობა არის ის ერთადერთი კლასიკური ბარიერი, რომლითაც ჩვენ და ჩვენი მსგავსი სხვა ქვეყნები უმკლავდებიან ხოლმე გარე შოკებს“,- აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB-“ პოზიტიური პერსპექტივით შეუნარჩუნა.