1962 წელს გამოშვებული „ფერარი 250 GTO“, სააუქციონო სახლ „RM სოთბისის“ მიერ მონტერეიში (აშშ, კალიფორნია) ჩატარებულ ვაჭრობაზე რეკორდულ ფასად - 48 405 000 დოლარად გაიყიდა.
ეს ყველაზე ძვირი ფასია, რომელიც კი ოდესმე აუქციონებზე ავტომობილში გადაუხდიათ.
მოლოდინის შესაბამისად, კოლექციონერებს შორის ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილის სასტარტო ფასი თავიდანვე მაღალი იყო - 33 მილიონი დოლარი. ვაჭრობაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა, საბოლოოდ კი სააუქციონო ჩაქუჩი სამჯერ მას შემდეგ შემოჰკრეს, რაც ფასი 44 მილიონს ასცდა. აუქციონის მოსაკრებლების ჩათვლით კი მყიდველს ჯამში 48.405 მილიონი დოლარის გადახდამ მოუწია.
საინტერესოა, რომ აუქციონზე ავტომობილების სიძვირის წინა რეკორდიც „ფერარი 250 GTO-ს“ სხვა ეგზემპლარს ეკუთვნოდა, რომელიც 2013 წელს აუქციონზე 38.115 მილიონ დოლარად გაიყიდა.
და მაინც, მონტერეიში გაყიდული „ფერარი“ არ არის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი. აუქციონის გარეშე, მდიდარი სარბოლო წარსულის მქონე „ფერარი 250 GTO“, ამერიკელ კოლექციონერ დევიდ მაკნილს 80 მილიონ დოლარად აქვს შეძენილი.
„ფერარის“ სულ 36 ცალი 250 GTO აქვს დამზადებული. მონტერეიში გაყიდული ეგზემპლარი, ამ მცირე სერიის მესამე ნომერს ატარებს. კომპანია თავიდან მას ტესტებისთვის იყენებდა. 1962 წელს კი ამ ავტომობილით, ფორმულა 1-ის ამერიკელმა ჩემპიონმა ფილ ჰილმა, იმ დროს ძალიან პოპულარულ, ტარგა ფლორიოს (იტალია) 1962 წლის რბოლაში მიიღო მონაწილეობა.
იმავე სეზონში, ეს ავტომობილი იტალიის GT-ს კლასის ჩემპიონი გახდა, მომდევნო ორ სეზონში კი თავის კლასში, ტარგა ფლორიო მოიგო. სულ 1962-1965 წლების სეზონებში, მას 15-ზე მეტი რბოლა აქვს მოგებული. გარდა ამისა, ეს ეგზემპლარი არის ერთ-ერთი იმ ოთხი ავტომობილიდან, რომლებსაც ატელიე „სკალიეტიმ“ მოგვიანებით ძარის მოდიფიკაცია ჩაუტარა.
2000 წელს ეს ეგზემპლარი, „მაიკროსოფტის“ ყოფილ მთავარ პროგრამისტს, დოქტორ გრეგ უიტენს შეუძენია. ცნობილი არაა, რა თანხა გადაიხადა, თუმცა თქმა არ უნდა, გაყიდვის შემდეგ, მოგებაში დარჩებოდა.