ზუგდიდში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა, ვალესა და წითელ ხიდზე კი არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

ზუგდიდის რაიონში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 17-24 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონში განხორციელებული, მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლით გათვალისწინებული, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - სიგარეტის (ჯამში 59320 ღერი) აქციზური მარკის გარეშე, შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.

უწყების ინფორმაციით, საქმის მასალები სასამართლოს გაეგზავნა.

გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 23-26 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“ და ,,წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის (ი.გ.), აზერბაიჯანის (ა.მ. და ს.გ.) და საქართველოს (ს.კ.) მოქალაქეების, ფიზიკური დათვალიერებისას, ასევე აზრბაიჯანის მოქალაქის ა.მ-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად 3 600 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი (აქციზური მარკების გარეშე) აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი, ავტოსანტრანსპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.