ამერიკულ-მექსიკური სავაჭრო შეთანხმება NAFTA-ს მაგიერ - ქვეყნებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მექსიკასთან ახალი შეთანხმების შესახებ გამოაცხადა.

საქმე ეხება აშშ-სა და მექსიკას შორის ახალ სავაჭრო ურთიერთობებს, რომელიც ამჟამად არსებული NAFTA-ს მაგივრად იქნება ამოქმედებული. როგორც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, ახალი ორმხრივი ხელშეკრულება, რომელშიც მიიწვევენ კანადასაც, ყველა მხარისთვის იქნება მომგებიანი.

ტრამპმა ამ საკითხზე მექსიკის პრეზიდენტ ენრიკე პენიე ნიეტოსთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. მას შემდეგ, რაც ნიეტომ ტრამპს მადლობა გადაუხადა წარმატებული მოლაპარაკებებისთვის და დაემშვიდობა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დეტალზე ისაუბრა. მისი განცხადებით, NAFTA შეწყვეტს არსებობას და ახალი დოკუმენტი მიიღებს სხვა სახელწოდებას.

„ადრე მას ეწოდებოდა NAFTA, ჩვენ კი მას ამერიკულ-მექსიკურ სავაჭრო შეთანხმებას ვუწოდებთ. ჩვენ მოვიშორებთ ამ სახელწოდებას, მასთან ცუდი ასოციაციებია, ვინაიდან ამ ხელშეკრულების შედეგად აშშ-მა მნიშვნელოვნად იზარალა“ - განმარტა დონალდ ტრამპმა.

რობერტ ლეიტჰაიზერის განცხადებით, ადმინისტრაცია კონგრესს მიმართავს, რათა პროცესი უკვე პარასკევს ჩაეშვას. „ვისურვებდი, რომ ეს შეთანხმება ამოქმედდეს უკვე ნოემბრის ბოლოსთვის“, - დასძინა ლეიტჰაიზერმა, რომელიც სავაჭრო საკითხებში დონალდ ტრამპის წარმომადგენელია.

კოკა კვირკველია